არჩევნები 2021

გაყალბების საუკეთესო პრევენცია ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა – ინტერვიუ თამარ კეკენაძესთან

არჩევნები 2021

გაყალბების საუკეთესო პრევენცია ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა – ინტერვიუ თამარ კეკენაძესთან

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთი ახალი პლატფორმა, მესამე ძალა გამოჩნდა, რომელიც ამომრჩევლებისთვის უკვე კარგად ცნობილ სამ პარტიას აერთიანებს – სტრატეგია აღმაშენებელს, რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს

სწორედ თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე წარმოადგენს პარტიას თბილისის მერის არჩევნებზე 2 ოქტომბერს. განიხილავს, თუ არა ამ არჩევნებს რეფერენდუმად, დაუჭერს თუ არა მხარს მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს და რას ფიქრობს თბილის პრაიდზე – ნახეთ თამარ კეკენაძის პასუხები ამ და სხვა კითხვებზე. 

დავიწყოთ მარტივად – რატომ გადაწყვიტეთ თბილისის მერის არჩევნებისთვის კენჭისყრა? 

ერთი წელია, რაც თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ვარ. მანამდე პოლიტიკაში უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც ჩართული ვიყავი ამავე პარტიიდან და როდესაც ვემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ჩემს გუნდთან ერთად განვიხილავდით, რა იქნებოდა ყველაზე ეფექტური გზა ამ არჩევნებში ჩართულობისთვის იმ პოლიტიკური დატვირთვიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის აქვს ამ არჩევნებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის, ქართული ოცნების ცვლილების დაწყებისას. 

სწორედ ამ დისკუსიისას დავიწყეთ სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე ფიქრი. გამომდინარე იქიდან, რომ თავისუფალ დემოკრატებს ბოლო წლებში ძალიან მძიმე პირობებში გვიწევდა ყოფნა ლიდერების გადინების გამო, მარტო მონაწილეობა ნაკლებად ეფექტური იქნება. შესაბამისად, სტრატეგია აღმაშენებელთან და რესპუბლიკელებთან ერთად შევთანხმდით, რომ შეგვექმნა ახალი პლატფორმა, მესამე ძალა, რომლის მთავარი იდეაც იყო, რომ სწორედ ამ იდეის გარშემო მიგვეცა საშუალება ახალი ადამიანებისთვის, რომ ისინიც გაერთიანებულიყვნენ ამ ერთობაში. 

ამის შემდეგ, როდესაც ვმსჯელობდით კონკრეტულად ვინ იქნებოდა ყველაზე შესაფერისი კანდიდატი სხვადასხვა მიმართულებით, ერთობლივად შეჩერდა კანდიდატურა ჩემზე. ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი პატივია, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც. 

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ამ არჩევნებისთის მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთო კანდიდატები წარედგინა. თქვენი პლატფორმა რატომ არ შეუერთდა ამ კოორდინაციას?

ქართული ოპოზიციური ამომრჩეველი საკმაოდ მრავალფეროვანია და წლებმა აჩვენა, რომ როდესაც ხდება ერთი ოპოზიციური ძალის გარშემო კოორდინაცია, მაინც ახერხებს ბიძინა ივანიშვილი, რომ მოახდინოს პოლარიზება და, აი, ის ე.წ შუა ამომრჩეველი, ძირითადად, ისევ ქართული ოცნებისკენ მიდის, იმიტომ, რომ შეიძლება, ოპოზიციურად იყოს განწყობილი, მაგრამ ვერ ნახულობს განსხვავებულ შეთავაზებებს. სწორედ ამ წლების განმავლობაში მიღებული პრაქტიკიდან და ანალიზიდან, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, ამომრჩევლებისთვის შეგვეთავაზებინა მესამე არჩევანი, ანუ ადამიანებს ვისაც აღარ უნდათ ქართული ოცნება ხელისუფლებაში, მაგრამ ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილები ოპოზიციური პარტიების მიმართაც, სწორედ მათთვისაა ეს მესამე არჩევანი. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ეფექტური გზაა, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს მივცეთ მაქსიმალურად შესაძლებლობა, რომ არცერთ ხმა არ დაიკარგოს, იმიტომ, რომ ოპოზიციურ სპექტრს მთლიანად აერთიანებს ერთი ამოცანა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ცვლილება.

ამიტომ, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, რომ ეს უფრო ეფექტური გზა იქნებოდა, ვიდრე ის, რომ ყველა ერთის გამო გავერთიანებულიყავით. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ გადახვალთ მეორე ტურში, დაუჭერთ თუ არა მხარს მეორე ტურში გასულ სხვა ოპოზიციურ კანდიდატს?

კი, რა თქმა უნდა, თუ მე არ ვიქნები მეორე ტურში, ნამდვილად დავუჭერ მხარს ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს. 

სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, განიხილავთ, თუ არა ამ არჩევნებს რეფერენდუმად?

ჩვენთვის მთავარი პოლიტიკური დატვირთვა ამ არჩევნებს აქვს სწორედ ეს, რომ ნამდვილად არის რეფერენდუმი და ნამდვილად ის პასუხისმგებლობა, რაც ქართულმა ოცნებამ აიღო, რომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ ვერ მიიღებს 43%-ს, სწორედ ეს არის ამ არჩევნების მთავარი პოლიტიკური მიზანი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის. 

თქვენი აზრით, რა არის თბილისში ნომერ პირველი გამოწვევა, რასაც უპასუხებთ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში?

მე ვფიქრობ, რომ დღეს თბილისშიც და მთელ საქართველოშიც ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ამიტომ ჩვენი ყველა პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ გავაუმჯობესოთ მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. 

რას ფიქრობთ თბილისი პრაიდზე და შეგიძლიათ თუ არა, დადოთ პირობა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში თქვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებთ, რათა დაიცვათ სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლება?

ჩემთვის არამარტო პოლიტიკური მოღვაწეობის, არამედ მთელი ჩემი ცხოვრების მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი და ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა. ამიტომ, ზოგადადაც წარმოუდგენელია ის, რაც ხდება საქართველოში, მათ შორის უმცირესობებთან მიმართებით. მე ძალიან ხმამაღლა ვაფიქსირებ ამ მიმართულებით პოზიციას. ვაფიქსირებდი მანამდეც, დავაფიქსირე 5 ივლისსაც. რა თქმა უნდა, თუ მექნება საშუალება, რომ ვიყო თბილისის მერი, არ მოხდება ძალადობა და დაცული იქნება ყველა ტიპის უმცირესობის გამოხატვის თავისუფლება. 

თუ ამ ფუნდამენტზე არ ვთანხმდებით, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს თანაბრად დაცული, მაშინ საერთოდ ვერ ვთანხმდებით, როგორი ტიპის ქვეყანას ვაშენებთ. 

თქვენ ამბობთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა და იგი არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, თუმცა, ამ მტკიცებამ ამომრჩეველთა ფართო მასასა და დასავლელ პარტნიორებში საკმარისი დამაჯერებლობა ვერ მოიპოვა. ამ არჩევნებისთვის როგორ ემზადება ოპოზიცია, რომ იგივე არ განმეორდეს? მაგალითად, ისევ არ მოისყიდონ ოპოზიციის დამკვირვებლები.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. წლების განმავლობაში, არჩევნებიდან არჩევნებამდე ქართული ოცნება ხვეწს იმ ძალადობრივ მეთოდებს, რასაც იყენებს კომისიის წევრებზე ზეწოლის კუთხით, წინასაარჩევნო დაშინებებისთვის... არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს. მთლიანი წინასაარჩევნო კამპანია, რასაც ქართული ოცნება აწარმოებს, სუს-ის გამოყენებით, თუ სხვა ინფრასტრუქტურების გამოყენებით, სწორედ ისეთი საინფორმაციო ველის მომზადებას ემსახურება, რომ ერთი მხრივ, "არ აქვს არჩევნებს აზრი და ტყუილად მოდიხართ არჩევნებზე", მეორე ის, რომ "რაც არ უნდა მოხდეს, მაინც იმ რიცხვს დავწერთ, რაც ჩვენ გვინდა და მესამე, უკვე ინდივიდუალურად მიმდინარეობს ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, რომ გააკონტროლონ შედეგები – როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ე.წ პროფესიული ნიშნით შერჩეულები მათი ზეწოლისა და კონტროლის ქვეშ მუშაობენ. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიებიც კი ვერ ვახერხებდით, რომ დაგვეცვა ჩვენი წარმომადგენლები.

იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ ახლაც. არამხოლოდ შარშანდელი, არამედ ბოლო წლების გამოცდილებით ყველა პარტია და მათ შორის მესამე ძალაც ვფიქრობდით, რომ უფრო ფრთხილად შეგვერჩია ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი სახელით იქნებიან არჩევნებზე, თუმცა, ესეც საკმაოდ რთული პროცესია და ამ 2 თვის განმავლობაში, ბოლო დღემდეც კი ეს ზეწოლა სუს-ის მხრიდან არ ჩერდება და გვიწევს, რომ ჩავანაცვლოთ ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ უმკლავდებიან ამ ზეწოლას. 

100%-იანი გარანტია, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ გააყალბოს არჩევნები, არის ამომრჩეველთა ძალიან დიდი აქტივობა. იმიტომ, რომ თუ რაოდენობა იქნება ისეთი, რომ თვითონ ვეღარ შეძლონ პროცესის მართვა, გაყალბება ვერ უშველით. 

ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ამიტომაც ყველა ჩემი შეხვედრა ამომრჩეველთა იწყება თხოვნით, მოვიდნენ არჩევნებზე და რომელი ოპოზიციური პარტიაც უნდათ, ის შემოხაზონ, იმიტომ, რომ მთავარი მაინც ეს არის. მერე უკვე გვინდა, რომ დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია ცვლილებები. თუმცა, ეს მეორე პლანზე იწევს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და შევცვალოთ ქართული ოცნება. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს არც პროგრამებზე საუბარს. თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ვერაფერსაც ვერ გავაკეთებთ. 

გასულ კვირას გამოქვეყნდა ე.წ სუს-ის ფაილები, რამაც საზოგადოება შეძრა მოსმენებისა და თვალთვალის მასშტაბით. თქვენი აზრით, მასობრივი მოსმენების პირობებში ჩატარებული არჩევნები რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად? 

ძალიან სწორი კითხვაა. ერთი მხრივ, ყველამ ვიცით, რომ მასობრივი მოსმენები წლების განმავლობაში ხდებოდა და ხდება, უბრალოდ, ახლა როგორც თქვენ თქვით, ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ასეთი ტიპის მოსმენები უკვე ხდება ყველას მიმართ, აღარავინაა დაცული, მათ შორის არც ქართული ოცნების პარტიული აქტივი. იმედი მაქვს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა მათთვისაც იქნება უკვე განგაშის ზარის შემცველი და თვითონაც დაიწყებენ გადააზრებას, თუ რა ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციას და რა ტიპის ხელისუფლებას ემსახურებიან და ამის შედეგს, რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. 

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ მთავარი არის, როგორია წინასაარჩევნო გარემო, რამდენად ეძლევა ყველა პარტიას თანაბრად ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა და ის არჩევანი, რასაც საბოლოოდ ამომრჩეველი აკეთებს, რამდენად არის დაცული, რამდენადაა დაცული მისი ნება და რამდენად არის საარჩევნო ველი დაცლილი ძალადობისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი უკუღმა ხდება, ხომ? ამიტომ, როდესაც ვხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყოველდღიურად ვესაუბრებით იმაზე, რომ აუცილებელია მათი ყურადღება მაქსიმალურად გადატანილი იყოს წინასაარჩევნო პერიოდზე. სწორედ ამ ტიპის ძალადობაზე, მოსმენებზე, დარღვევებზე, ფიზიკურ ძალადობაზე, რომელსაც ვხედავთ, გატაცებებზე და ჩვენი სამტრედიის კანდიდატიც იძულებით მოიტაცეს და აიძულებდნენ, რომ მოეხსნა კანდიდატურა და ერთადერთია ამ საარჩევნო კამპანიის დროს, რომელიც ღიად გამოვიდა და დაუპირისპირდა. ამ ადამიანებს ასეთი ტიპის შემთხვევებში ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი და დავიცვათ ისინი, იმიტომ, რომ ეს არის მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, რომ მხილების შემთხვევაში მას ექნება საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ყოველთვის სჯობს, რომ ღიად ვილაპარაკოთ ზეწოლაზე, ვიდრე დავმალოთ. 

ყველაზე რთული ნაწილი საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით არის მტკიცებულებების ნაკლებობა, იმიტომ, რომ ქართული ოცნება ახერხებს იმას, რომ ამ ზეწოლების კვალი არ დარჩეს. ჩვენს პარტნიორებს, თავის მხრივ, აქვთ ვალდებულება, რომ ყველაფერი, რასაც დაწერენ, მტკიცებულებებით იყოს გამაგრებული. ამიტომ, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, ის, რომ ყველა ფაქტზე სამართლებრივად გამყარებული მტკიცებულებები გვქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, წლიდან წლამდე ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან ნათლად დაინახეს ყველა ის მექანიზმი, რასაც ქართული ოცნება იყენებს. 

როგორ მოიქცევა ოპოზიცია სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში? მაგალითად, არჩევნები მოიგეთ, თუმცა, ქართული ოცნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მაინც არ ნიშნავს. და თუკი მმართველი გუნდი არჩევნებს გაყალბებით მოიგებს, ისევ მხოლოდ პროტესტს განიხილავთ, თუ ბრძოლის სხვა მეთოდებზეც ფიქრობთ?

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა, რაც ყველას ერთად გვაწუხებს. მესამე ძალაში ეს კონსულტაციები გვაქვს და ვფიქრობთ ყველა შესაძლო სცენარზე და იმაზე, როგორ ვუპასუხოთ ადეკვატურად ნებისმიერი ტიპის განვითარებას. მე ვფიქრობ, რომ გასაღები მაინც არის ჩვენს მოქალაქეებში. თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აგროვებს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ თითოეულმა მოქალაქემ ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პროტესტი ქართული ოცნების მიმართ და ვფიქრობ, რომ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები ვერ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ვაიძულოთ ქართულ ოცნებას, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ არ გვექნება მოქალაქეების მხარდაჭერა და მთელი წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამაზე საუბარი მიმდინარეობს მოქალაქეებთან ჩვენი მხრიდან. 

რა თქმა უნდა, წინსწრებით ვესაუბრებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმიტომ, რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია იმისა, რომ ქართული ოცნება ვაიძულოთ შეასრულოს პირობა, თუმცა, ბოლო პერიდია განსაკუთრებით ვხედავთ, როგორი უგულებელყოფა ხდება ჩვენი პარტნიორების მოწოდებების, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ შევძლებთ, ერთი მხრივ, მოქალაქეების მხარდაჭერის მობილიზებას და, მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებას, ეს უფრო რეალისტურს გახდის იმას, რომ ქართულ ოცნებას მოუწიოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. 

ზუსტად იგივე პასუხი მაქვს მეორე სცენარზეც. თუ გააყლბეს, მაშინ რა ხდება? ანალოგიურად. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში რა ხდება, არ არის მხოლდო ცალკეული ინტერესთა ჯგუფების, თუ პოლიტიკური ჯგუფების პასუხისმგებლობა. ჩვენ შეიძლება, ვართ ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად ვჩანვართ ამ თემებზე საუბრისას და მუშაობისას, მაგრამ ეს ქვეყანა არის ყველასი და, მე ვფიქრობ, რომ თუ გვინდა, რომ საქართველო გახდეს რეალურად დემოკრატიული ქვეყანა, მთავარი ფუნდამენტი არის ის, რომ ყველა ადამიანი გრძნობდეს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რა გარემოში ცხოვრობს და ეს პასუხისმგებლობა და პოზიციონირება ითარგმნებოდეს არჩევნებში და თუ ეს არჩევნები მოგვპარეს, ყველამ ერთად შევძლოთ საკუთარი ხმების დაცვა. 

კომენტარები