აშშ-რუსეთი

WSJ: აშშ დაინტერესდა პუტინის შეთავაზებით, ცენტრალურ აზიაში რუსული ბაზების გამოყენებაზე

შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ ა. მილი და რუსეთის არმიის გენერალი, ვალერი გერასიმოვი. 2021 წლის შეხვედრა. 

The Wall Street Journal-ის ანონიმური წყაროს თქმით, პენტაგონის უმაღლესმა გენერალმა, მარკ მილიმ რუს კოლეგასთან, ვალერი გერასიმოვთან განიხილა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შემოთავაზება, აშშ-ს მიერ ცენტრალურ აზიაში რუსული ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუკი ავღანეთში ტერორიზმის საფრთხე გაჩნდება. 

შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ ა. მილიმ ვალერი გერასიმოვთან გასულ ოთხშაბათს, 22 სექტემბერს გამართული შეხვედრის დროს ეს თემა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნის საფუძველზე წამოჭრა, ამბობს WSJ-ს ანონიმური წყარო, რომელიც აშშ-ს ოფიციალური პირია. 

ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ს ცენტრალურ აზიაში ბაზების გამოყენება შესთავაზა, გავრცელდა 16 ივნისს, ჟენევის სამიტზე ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაცაიას ავრცელებდნენ რუსული გაზეთი კომერსანტი და აშშ-ს ოფიციალური პირები. კომერსანტის მიხედვით, პუტინი აშშ-ს სთავაზობდა ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში მყოფი რუსული ბაზების გამოყენებას.

ამის შედეგად, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გენერალ მილის სთხოვა ნათელი გაეხადა, რას გულისხმობდა პუტინი, იყო ეს განსახილველი შესაძლებლობა, თუ სერიოზული შეთავაზება. 

WSJ-სთან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა პოლკოვნიკმა დეივ ბატლერმა, გენერალი მილის სპიკერმა, ასევე კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. 

როდესაც აპრილში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ სრულად დატოვებდა ავღანეთს, მან დადო პირობა, რომ ალ-კაიდასა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს აქ ფეხის მოკიდების შესაძლებლობას არ მისცემდა და პრობლემის შეკავებას ქვეყნის საზღვრებს გარედან შეძლებდა. ამჟამად აშშ რეგიონში დამოკიდებულია სპარსეთის ყურეში მყოფ ბაზებზე, მათ შორის კატარისა და საუდის არაბეთის ბაზებზე. 

აქამდე, ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან თანამშრომლობისთვის, ისეთ საკითხებში, რომლებზეც მხარეებს საერთო ინტერესები აქვთ. 

ამჟამად აშშ-სა და რუსეთის სამხედრო კოოპერაციას კრძალავს 2017 წელს კონგრესის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსეთთან ერთად სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად თანხები არ გამოიყოფა მანამ, სანამ რუსეთის ჯარი უკრაინაში, უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში იდგება. ამ შეზღუდვის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის მდივნის სპეციალური ბრძანების საფუძველზე. 

კონგრესის ზოგიერთ წევრს ეჭვი ეპარება რუსეთის მოტივებში. "რუსეთს უფრო აინტერესებს აშშ-სა და მისი პარტნიორების ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება", – წერია რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომელიც აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გაუგზავნეს.

კომენტარები