არჩევნები 2021

ბიბილაშვილი: პრემიერი ამბობს, ეკონომიკა დუღსო – სოც. დაუცველთა რიცხვი 67 266-ით გაიზარდა

ლელო

თბილისში ლელოს მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა საქართველოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა და ის მონაცემები მოიყვანა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ივლისსა და აგვისტოში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 67 266-ით გაიზარდა.

"საქართველოში მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული სოციალურ სააგენტოში და ელოდება სახელმწიფოსგან შემწეობას. სამწუხაროდ, ამ ქვეყნის მოსახლეობის მესამედი უკიდურეს სიღარიბეშია. მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრი სიამაყით აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს და ჩვენს პარტნიორებს უარს ეუბნება 300 მილიონის დახმარებაზე, ვხედავთ რიცხვებს, რომ ივლისსა და აგვისტოში სოციალურად დაუცველების შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად 67 266-ით გაიზარდა. თუ პრემიერის განცხადებას დავეყრდნობით, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს, ჩნდება კითხვა რატომ გაიზარდა სოც დაუცველთა რაოდენობა ორ თვეში 67 266-ით". – თქვა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს, შესაძლოა, ამომრჩეველზე ზემოქმედება და მანიპულაცია იყოს.

"შესაძლოა, ხელისუფლება გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც დღეში 2 ლარის შემწეობას ითხოვენ, საარჩევნოდ იყენებს. გასარკვევია, მცირედი შემწეობის სანაცვლოდ სახელმწიფო მათ გარკვეულ გადაწყვეტილებებს ხომ არ აიძულებს. ამ კითხვებს შესაბამის სადამკვირვებლო ორგანოებს გადავცემთ, რადგან საეჭვო რიცხვებია. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სიღარიბე და ადამიანების გაჭირვება უნდა დავასრულოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ დაუსაბუთებლად, ეჭვი ეყრდნობა სტატისტიკას, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ იყენებს ხელისუფლება სოც. დაუცველებს წინასაარჩევნოდ და ხშირად ემუქრებიან შემწეობის მოხსნით. ეს ადამიანები უნდა დავიცვათ და მათზე ვიზრუნოთ". – თქვა ბიბილაშვილმა.

კომენტარები