კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კახეთში, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით ვისადილეთ, ყველა იყო აცრილი

"კახეთში, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით ვისადილეთ. სუფრაზე მყოფი ყველა პირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო". - ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ის თანამშრომლებთან ერთად რესტორანში იმყოფება. 

ინფორმაციას სააგენტო Interpressnews ავრცელებს.  

"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში, ადგილობრივ მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე, რომელიც ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებს ეხებოდა. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.

დავათვალიერეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო". - უთხრა Interpressnews-ს გამყრელიძემ. 

სტუდია მონიტორს ფოტოები წყარომ მიაწოდა, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები "მარან ველისციხურში" სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. სტუდია მონიტორში განმარტავენ, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.

27 სექტემბრის დილის მონაცემებით, Covid 19-ით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 დადასტურდა 663 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა  2 383 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.99%, ბოლო 14 დღის - 6.48%, ბოლო 7 დღის - 6.01%.

ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.

კომენტარები