20 ივნისი

გახარია: 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ოპოზიცია შეხვედრაზე არ დამიბარებია

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია უარყოფს, რომ 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, აქტივისტების დარბევამდე ოპოზიციის წევრები შეხვედრაზე დაიბარა.

"მე პარლამენტში ოპოზიცია შეხვედრაზე არ დამიბარებია, არც მისაუბრია მასთან. წარმოდგენა არ მაქვს ვისთან იყო პალიკო კუბლაშვილი შუამავალი. მე რამე შევუთვალე აკაკი ბობოხიძეს? რას ბრძანებთ, არანაირი კავშირი არ მქონია. ჩვენ ყველაფერს ვაპირებდით, რომ იქ ტემპერატურა დაწეულიყო. არავინ არ დამიბარებია". – თქვა გახარიამ ფორმულას ეთერში.

გახარიამ თქვა, რომ მთავრობა ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად იყო მზად, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდნენ ოპოზიციას, გახარია პასუხობს, რომ "ვერ მოესწრო და იმიტომ".

20 ივნისის დარბევის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღეს შეთავაზება, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და მოლაპარაკებები დაწყებულიყო. გიგი უგულავას თქმით, ლიდერებმა იქვე მდგომ ხალხს ჰკითხეს აზრი, მათგან თანხმობის მიღების შემდეგ კი, იმავე შუამავლის მეშვეობით შს მინისტრს შეხვედრაზე დასთანხმდნენ. შეხვედრა არ შედგა, რადგან რამდენიმე წუთში სპეცრაზმმა აქციის ძალადობრივად დაშლა დაიწყო.

2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის, გავრილოვის ღამის, დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა – 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და 122 მშვიდობიანი მომიტინგე. 3-მა ადამიანმა სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა – მათ შორის 18 წლის მაკო გომურმაც.

კომენტარები