20 ივნისი

სააპელაციომ შსს-ს გიორგი სულაშვილისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა დააკისრა – საია

რუსთავი 2

თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი სულაშვილისთვის, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, ყოველთვიური სარჩოს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას 20 ივნისის ღამეს დაზარალებული პირების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საიას თქმით, აქამდე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გიორგი სულაშვილისა და კიდევ ერთი დაზარალებულის საქმეებზე მოსამართლემ შსს-ს ერთ შემთხვევაში მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარი და 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად სარჩოს სახით 1 155 ლარის გადახდა დააკისრა. სულაშვილის შემთხვევაში კი სამინისტროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 000 ლარი დაეკისრა, ყოველთვიური სარჩო კი არ განისაზღვრა.

"2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე - ნინო ყანჩაველი) მოსარჩელეთა სასარგებლოდ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული პირების სააპელაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა 50 000-50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით". - აღნიშნავს საია.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ჯერ შესული არ არის.

წაიკითხეთ 20 ივნისის მოვლენების შესახებ სტატია ტაბულას არქივიდან: გავრილოვის ღამე – გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა

კომენტარები