არჩევნები 2021

კობახიძე: ჰარცელის განცხადება მეტისმეტად რბილია, მელიამ შესაძლოა მწვანე შუქად გაიგოს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას რბილად აფასებს და ასევე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთვის ეს შესაძლოა მწვანე შუქად იქცეს შემდეგი პროვოკაციებისთვის.

"იყო გარკვეული განცხადება გაკეთებული და სწორედ ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ნიკანორ მელიასთვის მწვანე შუქი, იმისათვის, რომ მან დამატებით ახალი პროვოკაციები განახორციელოს. ბუნებრივია, ეს არის ძალიან ცუდი და სჭირდება მკაფიო შეფასება. ეს იყო მეტისმეტად რბილი და ეს მეტისმეტად რბილი ნიკანორ მელიამ, რომელსაც ისედაც აქვს ინტელექტის პრობლემა, შეიძლება გაიგოს, როგორც მწვანე შუქი შემდეგი პროვოკაციებისთვის". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა კომენტარი 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისის წინ განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. ის გმობს წინასაარჩევნო ძალადობას და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ჰარცელის თქმით, ის წუხს ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირების ფაქტით, თუმცა მოხარულია, რომ შემთხვევის შემდეგ მელიამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა.


ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მელიამ კობახიძეს "უსინდისო, ივანიშვილის მონა", კობახიძემ კი მას "ნაბიჭვარი" უწოდა. 

ევროკავშრის წარმომადგენლობის ოფისში ნიკა მელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს უნდა შეხვედროდა. მაშინ, როდესაც დაპირისპირება მოხდა, ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ ოფისს ტოვებდა. 

კომენტარები