არჩევნები 2021

მდინარაძე დმანისზე: მიადგნენ ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, მკურნალობდა

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტების დაჭრის საქმეზე დაკავებულის მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ, მათი ინფორმაციით, მისი მკურნალობის დოკუმენტები არსებობს. 

"პროვოკაციას აწყობდნენ და ეს მიმართული იყო ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, რა ინფორმაციაც ამ წუთას მე მაქვს, საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედება დმანისში, ფსიქიურ მძიმე დაავადებაზე. როგორც მეუბნებიან, არ გადამიმოწმებია ჯერჯერობით, ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით იქნება გარკვეული ცნობები, საუბარია ამ ადამიანის მკურნალობის დოკუმენტებზეც კი - რამდენიმე წუთის წინ მიღებულ ინფორმაციას გაწვდით. როგორც გვეუბნებიან, ეს კარგად იცოდა ყველა ადამიანმა, ვინც იმ სოფელში ცხოვრობს, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი იყო მძიმე ფსიქიური პრობლემებით და სწორედ მის მიმართ იყო უმძიმესი შეურაცხყოფები. 

ყველგან სცადეს და ბოლოს არსად რომ არ გამოუვიდათ, ბოლოს მიადგნენ ისეთ ადამიანს, რომლისგანაც იყო ყველაზე მოსალოდნელი ასეთ პროვოკაციაზე წამოგება. უმძიმესია, მორალურად როდესაც კადრულობ და მიადგები ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და იცი, რომ ეს ადამიანი ამასთან დაკავშირებით მკურნალობდა". - ამბობს მამუკა მდინარაძე.  

დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრის გამო ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს.  

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი".

მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს. 

კომენტარები