არჩევნები 2021

კობახიძე აქტივისტების დაჭრაზე: ახალგაზრდა ბიჭს თავისი პრობლემები ჰქონდა, გამოიწვიეს

ირაკლი კობახიძე
იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრაზე ამბობს, რომ ბრალდებული "რომელსაც ჰქონდა თავისი პრობლემები", გამოიწვიეს. კობახიძე ენმ-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს. 

"ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა თავისი პრობლემები, ასეთი მეთოდებით გამოიწვიეს ზუსტად. რა თქმა უნდა, გამართლება არცერთ შემთხვევაში არ აქვს იმას, რაც მოხდა დმანისში, მაგრამ როდესაც ასეთ ბინძურ პროვოკაციებს აწყობ და მერე კიდევ კითხვებს სვამ ამასთან დაკავშირებით, ეს არის, თავისთავად, სიბინძურის გაგრძელება. 

ყველას მოვუწოდებ - პროვოკაციებისგან კეთილი ინებონ და თავი შეიკავონ და ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად რეაქციის გარეშე დატოვონ ასეთი პროვოკაციები". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 


დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერების დაჭრის გამო ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავეს.  

დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია 21 სექტემბერს პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, "თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი".

მიხეილ დაუთაშვილი, რომელსაც ოქრიაშვილი აქტივისტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ, შესაძლოა, ოპოზიციის მხარდამჭერმა აქტივისტებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენეს. 

კომენტარები