არჩევნები 2021

სუს-ი, ბანერები, აქტივისტის დაჭრა, მედიაზე ძალადობა – ISFED-ის ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდზე

სავარაუდოდ, სუს-ის მოსმენების ამსახველი მასალები, ბანერები, ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე, აქტივისტების დაჭრა - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. 

ანგარიშში მოხვდა სამსახურიდან  სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ან წასვლის იძულების 4, სავარაუდოდ  პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის - 20, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 3, ამომრჩევლის სავარაუდო  მოსყიდვის - 5, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 1,  არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის - 12, საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების - 5 ფაქტი.

ISFED-ის ანგარიში 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასევე, ცალკეულ ისეთ მოვლენებს, რომელთა განვითარება 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა, ან ამ დროს გახდა ცნობილი. 

ISFED-ის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ. ასევე, საგანგაშო იყო TV პირველის მიუერ  გავრცელებული ინფრომაცია, რომ სუს-ის მიერ სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები. 

"საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში, იქცა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად". - ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე გვხვდება 17 სექტემბერს გაკრული ბანერები, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავს. ანგარიშში ვკითხლობთ, რომ საარჩევნო პერიოდში ძალადობის პროპაგანდა აკრძალულია, ასევე, იკრძალება ანონიმური შემოწირულობაც. სამართლიანმა არჩევნებმა ცესკოსა და აუდიტის სამსახურს მათი კომპეტენციების ფარგლებში ფაქტის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით მიმართა. 

"საყურადღებო იყო საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პარტიების მიერ დაკომპლექტების პროცესი. რიგ უბნებზე ყველა უფლებამოსილმა პარტიამ კომისიებში დასანიშნი წევრების კვოტები ვერ აითვისა, რის გამოც კომისიის წევრთა 17-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილმა კონკურსები გამოაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ ამგვარი საარჩევნო უბნების შემადგენლობაში დარღვეულია პროპორცია პროფესიულად არჩეულ და პარტიულად დანიშნულ წევრებს შორის; პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები აღემატებიან პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს. საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგისას თვალშისაცემი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არაინფორმირებულობა, მათი დამნიშნავი/წარმდგენი პოლიტიკური პარტიის შესახებ. რიგ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ პირებს უკვირდათ, რომ ისინი არ იყვნენ ნომინირებულები პოლიტიკური პარტიის მიერ. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა ნაწილმა არ იცოდა რომელი პარტიიდან იყო დანიშნული; მათ თავი მმართველი პარტიის წარმომადგენლად მიაჩნდათ და მხოლოდ ტრენინგზე, შესაბამისი სიის შევსებისას, აღმოაჩინეს წარმდგენი პარტიის დასახელება, რამაც ზოგიერთი მათგანის გულისწყრომაც გამოიწვია". - წერს ISFED-ი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინა არჩევნების მსგავსად, მძიმდება წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევების ხასიათი. ანგარიშში მოხვდა ფიზიკური დაპირისპირებები და დმანისში ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტების დაჭრის შემთხვევა.

"კვლავ ფიქსირდება პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზეწოლა/მუქარის ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები, რათა მათ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. მსგავსი ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკვეთა. 

შენარჩუნებულია საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის ტენდენცია, რომელიც, როგორც წესი, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფიქსირდება და, მათ შორის, საჯარო მოხელეების, საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ, სამუშაო საათებში, ფეისბუქით განხორციელებული აგიტაციის კამპანიას მოიცავს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნით გამოყენების შეფასებისას ISFED-ი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მმართველი პარტიის ირიბი აგიტაცია გვხვდება. მათივე ცნობით, მთავარ სიახლეებში გამოტანილ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ იუსტიციის მინისტრი ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, რასაც თან ერთოდა სურათი, სადაც მინისტრი ქართული ოცნების საიმიჯო ტრიბუნასთან იდგა და კარგად ჩანდა პარტიის საარჩევნო ნომერი. 

"დაფიქსირდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიაზე ძალადობის ფაქტები, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებსაც შეიცავდა. 7 სექტემბერს TV პირველის ოპერატორს მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, ფონიჭალაში სპეცოპერაციის გაშუქებისას. გავრცელებული კადრებიდან ჩანს ავტომანქანის ნომრებიც. 

15 სექტემბერს, მთავარი არხის ოპერატორისა და მისი თანმხლები ჟურნალისტის ინფორმაციით, ქართული ოცნების ქარელის ოფისში სიუჟეტის გადაღებისას მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს, რომელმაც დაზიანებები მიიღო". - ვკითხულობთ ანგარიშში.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 21 სექტემბრის ჩათვლით გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით სამართლიანმა არჩევნებმა საარჩევნო კომისიებს, სასამართლოსა და სხვა უწყებებს 27 განცხადება-საჩივარი წარუდგინა. ISFED-ის ცნობით, უფასო იურიდიული დახმარების პროექტის ფარგლებში, იმ ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც საჯარო სამსახურებიდან, სახელმწიფო ან მუნიციპალური სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან, საჯარო სკოლებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, ორგანიზაციამ 19 სარჩელი წარადგინა სასამართლოებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები