კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ხალხს ფაიზერი უნდოდა, ახლა ყველაზე მეტი გვაქვს და ფუჭდება, ვადა გასდის

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ფაიზერის ვაქცინაა, თუმცა მოქალაქეები არ იცრებიან და ამის გამო ვადა გასდის. 

"ადრე, სანამ ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა და სხვათა შორის, ისიც დაგვიანდა ამ ანგაჟირებული ადამიანების გამო, რომ ჩინური ვაქცინა არ უნდოდათ, პირდაპირ გამოდიოდნენ და ამბობდნენ: "მე გავიკეთებ მხოლოდ ფაიზერს" და ამიტომ სახელმწიფომ დააგვიანა შემოტანა. ახლა, ფაიზერი გვაქვს სწორედ ყველაზე მეტი. ფაიზერი ფუჭდება, ვადა გაუდის და რას შვრებით, ხალხო! ადამიანი ფაიზერს გააფუჭებს?! მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს სინოვაკი, სინოფარმი , ასტრაზენეკა, მივიღებთ ჯონსონ და ჯონსონს. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?! რას აკეთებთ?!  საავადმყოფოებში, საზოგადოებრივ სივრცეებში, ავტობუსები დადიან, კიდევ რა ქნან? თითო ადამიანს, თითო პროპაგანდისტს ხომ არ მოგამაგრებენ?". - ამბობს ცერცვაძე. 

თუმცა, როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, ფაიზერის ვაქცინის გაფუჭების რისკი არ არსებობს. 

"მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას რომ მათ არ აქვთ რისკი აიცრან ვადაგსული ვაქცინით და არც იმის რისკი არსებობს რომ ფაიზერს მოხმარების გარეშე გაუვიდეს ვადა. ესიქნება დიდი დანაშაული და ამ დანაშაულს ჩვენ არ დავუშვებთ". - ამბობს ტიკარაძე. 

ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ 1 686 412 ადამიანი აიცრა, ბოლო 24 საათის განმავლობაში - 13 962. 

 

კომენტარები