არჩევნები 2021

ხოშტარიამ ძალადობის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით ცესკოს საჩივრით მიმართა

დროას ლიდერმა და ოპოზიციის ნაწილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისკანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, ძალადობის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით ცესკოს საჩივრით მიმართ. მან ცესკოსთან ბრიფინგი გამართა და პარტიის იურისტებთან, გიგა ლემონჯავასა და ქეთი ბარბაქაძესთან ერთად სარჩელი შეიტანა. 

ხოშტარიას თქმით, საარჩევნო კანონმდებლობით რეგულირდება რომ საარჩევნო კამპანიაში ნებისმიერ სააგიტაციო ტიპის მასალაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემკვეთი და შემსრულებლის ვინაობა, ამ შემთხვევაში კი ეს ინფორმაცია ბანერებზე განთავსებული არაა. ხოშტარია ცესკოსგან რეაგირებას ითხოვს. 

"კეთილი ინებონ და ფორმალურად მაინც შეასრულონ კანონი. ან აღიარონ რომ მათია [ქართული ოცნების] და მიაწერონ. ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ამ ყველაფერს რეაგირება ექნება და ცესკო სამართლიანად მოიქცევა ან ქართული ოცნება რამეს გადაიფიქრებს. ეს არის კონკრეტული კანონდარღვევა და ასევე ამ კანონდარღვევის გარდა, ეს არის მცდელობა რომ ამოეფარონ ვიღაცას. თითქოს თან ამბობენ რომ მათია, იმიტომ რომ ხაზს უსვამენ ამ სიძულვილის შინაარსს და თან ტექნიკურად ამას არ მიუთითებენ იმიტომ რომ კალაძეს დაუტოვონ სივრცე, თითქოს ძალიან კეთილია და არაა ამ ყველაფრის ავტორი".- თქვა ხოშტარიამ. 

17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა. 

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

კომენტარები