ფარული მოსმენები

სამთავროს დედებმა ცრუ კურთხევა დაიჯერეს, ფურთხი მოზილეს და შუბლზე იცხეს – სუს-ის ფაილები

რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული მასალებიდან ერთ-ერთში მოცემულია საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძისა და პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის საუბრის დეტალები. 

გავრცელებული ფაილების მიხედვით, მამა ანდრია ჯაღმაიძემ შორენა თეთრუაშვილს უთხრა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა საპატრიარქოს ოფიციალური Facebook გვერდის მსგავსი ყალბი გვერდის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ პატრიარქის კურთხევით Covid-19-სგან თავდაცვის მიზნით, სასულიერო პირებმა ეპარქიებში ფურთხით უნდა მოზილონ ტალახი და შუბლზე იცხონ. სუს-ის გავრცელებული მასალების მიხედვით, ანდრია ჯაღმაიძემ თეთრუაშვილს აცნობა, რომ "ხსენებული ინფორმაცია დაიჯერეს სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნებმა და ჩაატარეს ხსენებული რიტუალი. დეკანოზის განმარტებით, გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გადასამოწმებლად მას უამრავი სასულიერო პირი დაუკავშირდა სხვადასხვა ეპარქიებიდან".

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 2020 წლის პირველ მარტს თქვა, რომ მას კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალების, ფურთხით მიწის მოზელვისა და შუბლზე წასმის შესახებ ხილვა ჰქონდა, თუმცა მას კურთხევა არ გაუცია.

"მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი გაძლებისათვის". – თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ 2020 წლის მარტში, წირვის დროს.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები