ფარული მოსმენები

ჯაფარიძე შკოდის დალეწვაზე: ზუსტად ასე დაიფშვნება სუს-ი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ

ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე ილაპარაკა და თქვა, რომ დღეს ქართული ოცნება იბრძვის ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაზე, რომელიც თავის მხრივ სუს-ზე დგას.

ტელეკომპანია მთავარის ეთერში ჯაფარიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი პარტიის წევრების მიერ აქციაზე შკოდის დალეწვა იმაზე მიანიშნებდა, თუ რა დაემართება ძალოვან სტრუქტურებს მომავალ წელს ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

"სინამდვილეში ყველაფერსა და ყველას ამ ქვეყანაში მართავს სუს-ი, მათ შორის ახლა, 2 ოქტომბერს რომ არჩევნები მოდის, ამ არჩევნებს ატარებს თავიდან ბოლომდე სუს-ი, ცესკო არის საბუთების შემვსები, მაგრამ არჩევნებს ატარებს ეგ სტრუქტურა, ეგ სტრუქტურა არის, ვისაც ყველაზე და ყველაფერზე აქვს შეგროვილი ინფორმაცია. მათ შორის, ეს გაჟონილი კრებსები ვიღაცისთვის შეიძლება უბრალოდ ვორდის დოკუმენტები იყოს, შეიძლება პირადი ხასიათის შემცველი ინფორმაცია იყოს, მაგრამ ჯამში ეს არის ყველაზე საშინელი და სასტიკი მართვის ბერკეტი, ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი, ეგრე მართავდა საბჭოთა კავშირი და ფაშისტური გერმანია, მანდ ვართ ახლა მისული", - თქვა მან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად ის აღიზიანებს, რომ მათ იციან რეალურად ვის ხელში არის ძალაუფლება და დღევანდელი აქციით სწორედ ამ ადგილს დაარტყეს.

"ჩვენ ხო სიმბოლურად მივიყვანეთ შკოდა ოქტავია და სიმბოლურად დავამტვრიეთ შესასვლელის წინ და მართლა, ჩვენი მთავარი გზავნილი ეგ იყო, რომ ასე ვაპირებთ ხელისუფლება როდესაც შეიცვლება და შეიცვლება აუცილებლად მომავალ წელს ხელახალ არჩევნებზე, ზუსტად ეგრე დაიფშვნება სუს-ი, ზუსტად ეგრე დაიფშვნება ყველა ის ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას შანტაჟითა და ძალადობით", - ამბობს ჯაფარიძე.

დღეს, 16 სექტემბერს, გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შკოდა მიიყვანეს და დალეწეს. აქცია-პერფორმანსი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს უკავშირდება, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.

აქციაზე ოპოზიციის საერთო კანდიდატები - ბორის ყურუა და ნიკა მოსიაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ბორის ყურუა საბურთალოზე ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატია, ნიკა მოსიაშვილი კი - დიდუბეში.  

ყურუა და მოსიაშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები