ფარული მოსმენა

წულუკიანი: ვინმე ქემოკლიძე განცვიფრებულა, თურმე თებერვლიდან სუს-ს ამხელა რესურსი აქვს

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიებამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

მან მასალების გავრცელებაში ოპოზიცია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "აქცენტს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე არ აკეთებს", შემდეგ კი პარტია საქართველოსთვის წევრს, კახა ქემოკლიძეს გამოეხმაურა, რომელმაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით თქვა, რომ გიორგი გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს "არასოდეს რაიმე მსგავსი ტიპის ფაქტთან შეხება არ ჰქონიათ". 

"დღეს როდესაც გამოდის ვინმე ქემოკლიძე და იძახის, რომ განცვიფრებულია კაცი, თურმე ჩვენ ეხლა, როდესაც ისინი წავიდნენ, მიგვატოვეს და დაგვტოვეს, მელია გახადეს ხატი თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების კასკადი აჩვენეს, მას შემდეგ სუს-ს აქვს იმის რესურსი, თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, რომ შექმნას ათეულ ათასობით ფაილი. ეს არის გაუგონარი ზღაპარი. ამიტომ მე მეტ მინიშნებას არ გავაკეთებ. ნაციონალურ მოძრაობაზე ვაკეთებ აქცენტს და ვსვამ ლეგიტიმურ კითხვებს. მე არავის ვადანაშაულებ".- ამბობს თეა წულუკიანი. 

მისივე თქმით, გიორგი გახარია განაწყენებულია და გადადგომის შემდეგ "პოლიტიკურ ავანტიურაში" ჩაერთო. თეა წულუკიანმა "პატივსაცემ ადამიანებს" გახარიას მხარდაჭერის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან როგორც ის ამბობს, გიორგი გახარიას პარტია "ქართული ოცნების პროექტი არაა". 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები