ფარული მოსმენა

საპატრიარქო მასალებზე: არჩევნებში ეკლესიის ჩართვას და შიდა დაპირისპირებას ემსახურებოდა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდა. მათი ინფორმაციით, შეხვედრა უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და შეფასებას დაეთმო.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული 
კრებსების საკითხი "საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა".

პრესსამსახური აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრებსები შეიცავს ზოგიერთ საჯაროდ გაცხადებულ ფაქტს, მათში მაინც მრავალი მცდარი ინფორმაცია წერია.

"გარდა ამისა, გამოიკვეთა ნაწილობრივი თანხვედრა ზოგიერთი თეოლოგისა და სასულიერო პირისაგან შემდგარი ჯგუფის საჯარო განცხადებებთან, რაც უკანასკნელ წლებში საპატრიარქოსა და ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. გარკეულ შემთხვევაში კი აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები ბოროტად სარგებლობდნენ მაღალი იერარქიის სახელით.

მღვდელმთავრებმა აღნიშნეს, რომ სახეზეა ამავე ჯგუფისა და ე.წ. კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების შეთანხმებული მოქმედება. ტელევიზიები ამ ჯგუფის დახმარებით საეკლესიო საკითხების შესახებ ცილისმწამებლური შინაარსის სიუჟეტებს ამზადებდნენ და, ფაქტობრივად, მათი გეგმის განხორციელებაში იყვნენ ჩართულნი. სწორედ მათი ეთერით გახმოვანდა საპატრიარქოს შტურმისა და სინოდის წევრების დაპატიმრების გეგმის შესახებ. ამ ტელევიზიებს ყოველ შაბათსა და კვირას თავიანთ გადაცემებში იერიში აქვთ მიტანილი საპატრიარქოს წინააღმდეგ. ამისთვის კი საგულდაგულოდ იძიებდნენ და ჩხრეკდნენ მღვდელმთავრების პირად ცხოვრებას, რითაც ცდილობდნენ მოემწიფებინათ საზოგადოებრივი აზრი სასულიერო პირების გასასამართლებლად და დასასჯელად".- აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უკანონო მოსმენები ყოვლად მიუღებელია და ეკლესია აუცილებლად ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას.

"რაც შეეხება საეჭვო ჩანაწერებს, სადაც სასულიერო პირების ზნეობრივ გადაცდომებზეა საუბარი, ყველა საშუალებით მოხდება მათი გადამოწმება. მღვდელმთავრებმა ასევე გარკვევით აღნიშნეს, რომ ამ თუ სხვა ნებისმიერი გარე შემოტევის წინაშე სინოდი ერთსულოვანი იქნება".- წერია განცხადებაში. 


13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

გავრცელებული მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენს. მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 22 სექტემბერს თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან და მიყურადებით მოპოვებულ ფაილებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს. ჰარცელმა ელჩების მოსმენაზე ასევე აღნიშნა, რომ "არ არის ბუნებრივი ასეთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მხრიდან".

კომენტარები