ფარული მოსმენა

მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსების საქმეზე იჩივლა და დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

მანანა კობახიძე
საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ 2021 წლის სექტემბერში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, სასამართლოს მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.  

"დაკითხული ვარ პროკურატურაში. დიახ [დაზარალებულის სტატუსს ვითხოვ] რამდენადაც მახსოვს, კი, ეს მივუთითე. [საგამოძიებო უწყებას] მე ჩემი ინიციატივით მივმართე და მოვითხოვე დაზარალებულის სტატუსიც". - ამბობს ის ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში. 

კითხვაზე, ნამდვილად შედგა თუ არა საუბრები, რომლებიც სუს-ის კრებსებშია, მანანა კობახიძე პასუხობს: 

"იცით რა, მამა გიორგი ზვიადაძესთან მე კონტაქტი მქონია, ამ ადამიანს, ამ პიროვნებას ვიცნობ, ასეთი შინაარსის შემცველი საუბრის რეალობას მე არ ვადასტურებ და ამ ტექსტის ავთენტურობას მე არ ვადასტურებ. კომუნიკაციის არსებობის ფაქტმა მე გამიჩინა ეჭვი, რომ შესაძლებელია, ვინმე ამ საუბარს ისმენდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, მე მქონდა ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს საკითხები გამორკვეულიყო". 

2021 წელს გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზერვატივების ბრენდ აიისას საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მანანა კობახიძეს საქმის დეტალებზე სასაუბროდ დაურეკა. 

მანანა კობახიძე იმ კოლეგიის წევრი იყო, რომელიც სასამართლოში აიისას საქმეს განიხილავდა. 

დოკუმენტების მიხედვით, სატელეფონო კომუნიკაციისას პროტოპრესვიტერმა ზვიადაძემ მოსამართლე კობახიძისთვის ცხადი გახადა, რომ საპატრიარქო პროცესს ახლოდან აკვირდება. ამავდროულად, მან მოსამართლეს რჩევა ჰკითხა, როგორ დაეცვა ეკლესიას საკუთარი პოზიცია. მოსამართლე მანანა კობახიძემ საპატრიარქოს გავლენიან წარმომადგენელს იურიდიული კონსულტაცია გაუწია.

"მ. კობახიძის განცხადებით, პიროვნულად იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა, ეთიკის ნორმიდან გამომდინარე საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს. Მოსამართლის თქმით, მოცემულ მომენტში სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად ჯდება ანი (ანანია) გაჩეჩილაძის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და განიხილოს ამ უკანასკნელის წარმოდგენილი სარჩელი, რითაც ითხოვს ზნეობის სახელით დაკისრებული 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას. 

მ.კობახიძემ გ.ზვიადაძეს განუცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16 პრიმა მუხლის მიხედვით ე.წ. სასამართლო მეგობრის სტატუსით, საპატრიარქოს ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქმის განხილვისას არ წარმოადგენს მხარეს, შეუძლია წერილობით მიმართ სასამართლოს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რომელიც სასამართლოს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.

პროტოპრესვიტერმა მ.კობახიძეს კონსულტაციისთვის გადაუხადა მადლობა“. – წერია ერთ-ერთ დოკუმენტში. 

კომენტარები