უკრაინა

ესტონეთის პრეზიდენტი: უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე სინათლის წლები აშორებს

ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისგან ჯერჯერობით შორს არის. უკრაინული მედია "Европейская правда"-ს ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა YES-Brainstorming-ის ფორუმზე გააკეთა, საკუთარი წინა კომენტარის პასუხად.

აქამდე, კალიულაიდმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა, შესაძლოა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას 20 წელი დასჭირდეთ, რომ ევროკავშირში შესასვლელად იყვნენ მზად. 

ფორუმზე კალიულანდი სწორედ ამ სიტყვებს შეეხო. "ყველა პროგნოზი წინა გამოცდილებას ეფუძნება", – ამბობს კალიულაიდი, "ევროკავშირის წევრობისთვის უკრაინამ ჯერ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა შეასრულოს, მაგრამ კიევი ჯერ ამისგან სინათლის წლებით არის შორს. სამწუხაროდ, ბოლო 5 წელში მე ვერ დავინახე უკრაინის მიახლოება კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებასთან", – დაამატა ესტონეთის პრეზიდენტმა. 

კალიულაიდმა არგუმენტად მოიყვანა იმ ესტონელი ინვესტორების მაგალითი, რომლებსაც უკრაინაში პრობლემები შეექმნათ.

"რამდენიმე ხნის წინ მე შევიტყვე კომპანიაზე, რომელიც უკრაინაში სერიოზულ შეთანხმებას უახლოვდებოდა, მაგრამ მათთან ადვოკატი მივიდა, არ ვიტყვი თუ ვის წარმოადგენდა, და უთხრა, რომ შეთანხმების დასაჩქარებლად მათ საკუთარი აქციების ნაწილი უნდა გაეზიარებინათ. ამიტომაც, როცა კითხულობენ თუ ჯერ კიდევ რატომ არაა უკრაინა ევროკავშირში, პასუხი, ჩემი აზრით, თვალსაჩინოა", – თქვა კალიულაიდმა. 

ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ის მუდამ გულშემატკივრობს ევროკავშირში ისეთი ქვეყნების მიღებას, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. 

კალიულაიდი შეეხო უკრაინელ ოლიგარქთა პრობლემასაც. 

"მრავალი წელი თქვენს ოლიგარქებს ვეუბნებოდი: ევროკავშირთან მიახლოება თქვენი აქტივების ღირებულებას გაზრდის. სამწუხაროდ, მათ ხმა ვერ მივაწვდინე, ამიტომაც ამის კიდევ ერთხელ გამეორების შესაძლებლობას ვიყენებ. შესაძლოა, ერთხელაც სასწაული მოხდეს და მათ ეს მესიჯი გაიგონ, მაშინ უკრაინა ევროკავშირთან მიახლოებას დაიწყებს", – თქვა კერსტი კალიულაიდმა.


გასულ თვეში ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ გამოცემა "Европейская правда"-სთან ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე. 

"ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბევრი პირობა უნდა შესრულდეს და ამ სამი სახელმწიფოდან (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) არც ერთი, გულახდილად რომ ვთქვათ, არ არის მზად შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები. თქვენ, ალბათ, კიდევ 20 წელი დაგჭირდებათ, სანამ ამ მზადყოფნამდე მიხვალთ. 

ამიტომაც, შესაძლოა, მართლა ჰქონდეს აზრი რაიმე დროებითი ვარიანტის პოვნას, რომელიც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირთან პარტნიორობაში დაეხმარება. როგორც გსურთ.

საბოლოო ჯამში, თქვენი ეკონომიკები ამის გარეშეც უერთდება ევროკავშირის ეკონომიკას. 

თუმცა, ამ ქვეყნებიდან არც ერთი არაა მზად წევრობისთვის. სამივე ქვეყანას აქვს მართლმსაჯულების პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია შეცვლაში დაგეხმაროთ, მაგრამ საქმე თავად უნდა გააკეთოთ, ამ სამი ქვეყნიდან ყველამ. და ეს რთული საქმეა", – თქვა კალიულაიდმა აგვისტოში.

ესტონეთის პრეზიდენტის სიტყვებს გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე. 

"ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი", – თქვა კალაძემ, 27 აგვისტოს კი დაამატა, – "სერიოზულ პრობლემას ქმნის. ასეთი განცხადებები არაა მიზანშეწონილი".

"ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმა, უამრავი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის, პირველ რიგში, ჩვენს ხალხში, იმიტომ, რომ უჩენს სკეპტიციზმს. შესაბამისად, ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი". - ამბობს კალაძე.

ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების მიხედვით, 2024-ში EU-ს წევრობის განაცხადს გააკეთებენ. 

კომენტარები