ქართული ოცნება

კალაძე კალიულაიდზე: ასეთი განცხადება სერიოზულ პრობლემას ქმნის, არაა მიზანშეწონილი

"სერიოზულ პრობლემას ქმნის. ასეთი განცხადებები არაა მიზანშეწონილი". - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალიულაიდის განცხადებას საქართველოს ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით.  

"ნამდვილად არასწორია ის დამოკიდებულება და განცხადებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო გაკეთებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. უამრავი რეფორმა, უამრავი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას ქმნის, პირველ რიგში, ჩვენს ხალხში, იმიტომ, რომ უჩენს სკეპტიციზმს. შესაბამისად, ასეთი განცხადებები არ არის მიზანშეწონილი". - ამბობს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვას, აფუჭებს თუ არა მისი განცხადება ქვეყნებს შორის ურთიერთობას, კალაძე პასუხობს -  "ჰკითხეთ ესტონეთის პრეზიდენტს, აუცილებლად უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა".  

კალიულაიდმა თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოების მომხრეა, თუმცა, შესაძლოა, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას 20 წელი დასჭირდეთ, რომ ევროკავშირში შესასვლელად იყვნენ მზად. 

"ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს". - ასე უპასუხა თბილისის მერმა ესტონეთის პრეზიდენტს. 

ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების მიხედვით, 2024-ში EU-ს წევრობის განაცხადს გააკეთებენ. 

კომენტარები