აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაცია, რომელიც საქართველოში 9 სექტემბრამდე იმყოფება, საპატრიარქოს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ამერიკული დელეგაციის წევრები იყვნენ კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი, ბრაიან ჯორჯ სტილი, კელი მაიკლ არმსტრონგი, კეროლ დევინ მილერი და რონალდ ჯინ ესტესი. ასევე, აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქალაქ სან-დიეგოში, მელორ წიფურია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება, საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობისა და მეგობრობის გაღრმავებას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
"კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდესსა და უნეტარესს გულთბილი მიღებისათვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“.
შეხვედრის დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა კონგრესმენებსა მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, დალოცა ისინი და ბრძანა: „ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი", – წერია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
გასულ დღეებში ამერიკელმა კონგრესმენებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზიც, სოფელ ოძისში.