საქართველოს საპატრიარქო

"3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას" - როსტომ მაზმიშვილს პატიმრობა შეეფარდა

დაზიანებული ჭიშკარი და შლაგბაუმი საპატრიარქოში
საზოგადოებრივი მაუწყებელი

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელიც 20 მაისს საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა. ადვოკატი როსტომ მაზმიშვილის 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

"ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ. დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს" - თქვა ბრალდებულმა ინტერპრესნიუსის ცნობით. სააგენტოს ინფორმაციითვე, მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ რადგან გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდა, პოზიცია ადვოკატთან შეეთანხმებინა.

როსტომ მაზმიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა აქვს დანიშნული. მისთვის წარდგენილი ბრალი (სხვისი ნივთის დაზიანება და ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მაისს ბრალდებული, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, მანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. "შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. ავტომობილის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ბრალდებულის ქმედების შედეგად, დაზარალებულებს 9 350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა". - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები