ამნისტია

მელია: ზედმეტი კითხვებით თავს ნუ დაიღლიან – შეუძლებელია, ამნისტიის აქტი მივიღო

"ზედმეტი კითხვებით თავს ნუ დაიღლიან - შეუძლებელია, ამნისტიის აქტი მივიღო". - ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარლამენტის მიერ 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის მე-3 მოსმენით მიღებაზე. 

"ეს შემთხვევა ამ ხელისუფლების სახის ნათელი ლუსტრაციაა - ისინი საკუთარ თავ საუკეთესოდ წარმოაჩენენ. მოძალადეებს მართლმსაჯულებისგან განარიდებენ და ადამიანებს, ვინც ქართული პატრიოტიზმის სულისკვეთებით გადაწყვიტა, რომ იმ დღეს რუსთაველის გამზირზე დამდგარიყო და რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამოსკუპება გაეპროტესტებინა, კვლავ დევნის.

20 ივნისის ამნისტია დასრულდა ისე, როგორც ველოდი. მოძალადეები შეიწყალეს, ახლა უნდათ, რომ ნიკა მელია ადგეს და სასამართლოში მიიღოს ეს მოწყალება. ახლავე ვეუბნები - ნუ დაიღლიან თავს და ნუ შეიწუხებენ ზედმეტი კითხვების დასმისგან. შეუძლებელია, მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი იმდაგვარად, რომ ჩემი ნება იქნეს გამოხატული. თითქოს მე თანხმობა უნდა განვაცხადო საპროცესო გარიგებაზე, ეს არ არის ამნისტიის აქტი, როცა ეს დგება, იქ ნებას არ გამოხატავ. კონკრეტული კითხვა უნდა დასვას მოსამართლემ - თანახმა ვარ თუ არა მიღებული ამნისტიის აქტი გავრცელდეს ჩემზე. ეს კითხვა უნდა დაისვას, პასუხი, რა თქმა უნდა, არა იქნება". - ამბობს ნიკა მელია მთავართან ინტერვიუში.  

მაპრლამენტის მიერ მე-3 მოსმენით მიღებულ კანონპროექტს 79 მომხრე და 15 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე დააინიციირეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

კანონპროექტის ხელისუფლების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი. კანონპროექტში არაფერი წერია დაზარალებულის თანხმობის შესახებ. 9 ივნისს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

19-21 ივნისს დაზარალებულებმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთიანი განცხადება გაავრცელეს. ისინი არ ეთანხმებიან და გმობენ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციური პარტიების კანონპროექტს.

დაზარალებულმა აქტივისტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების მიერ ინიციირებული ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართეს. წერილში დაზარალებულები ელჩებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათი პოზიციით, ამნისტიის სახით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე თვალის დახუჭვა დამატებით მძიმე შედეგებს გამოიღებს და დააზარალებს საქართველოში დასავლეთის რეპუტაციას.

კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა დაზარალებული აქტივისტების საპასუხო წერილში აღნიშნეს, რომ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული შეთანხმების დოკუმენტით აღებული ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა.

კომენტარები