ამნისტია

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ გორდულაძის თქმით, ამნისტიის ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო დაახლოებით 4 800 ადამიანს სასჯელი სხვადასხვა  ვადით შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად  დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს. 

პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით 19 ივლისს მიიღო.

ქართულმა ოცნებამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 11 ივლისს დააინიცირა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".

კომენტარები