საკონსტიტუციო ცვლილებები

"მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში" – ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება. ჰარცელი უარყოფითად აფასებს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების დღის წესრიგიდან მოხსნას.

"ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად. ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას. პრინციპები, რომელიც ამ ცვლილებას საფუძვლად ედო, ვენეციის კომისიის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეკომენდაციას ასახავდა. ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ მან 28 ივლისს საჯაროდ აიღო განახლებული ვალდებულება იმისა, რომ სასამართლო რეფორმების განახორციელება და ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიიღება მაინც მოხდებოდა". – ნათქვამია განცხადებაში. 

ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს, 7 სექტემბერს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშნის წესის ცვლილებას. 

"შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით "აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა". წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკრო-ფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელი ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში გარანტიების გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის". – ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების ბოლოს კარლ ჰარცელი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში სხვა პუნქტებთან ერთად ასევე უნდა ასახულიყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რაც ევროკავშირის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა".


საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო შემაშფოთებლად მიიჩნევს ქართული ოცნების სურვილს საკონსტიტუციო ცვლილებები გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების გარეშე მიიღოს. ორგანიზაციის პოზიციით, პროგრესული ცვლილებების უარყოფით და არსებული წესის ძალაში დატოვებით ქართული ოცნება მართლმსაჯულების სისტემაზე სრული კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოზიციით, კონსტიტუციური კანონის პროექტიდან გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამცირებს პროკურატურის უწყების დემოკრატიზაციის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პერსპექტივას.

ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო უნდა ყოფილიყო პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დანიშვნები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

  • პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება;
  • ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან;
  • არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

კომენტარები