გენდერული კვოტირება

თავისუფლების ინსტიტუტი კვოტებზე: ვეჭვობთ, სასამართლო წინასწარი შედეგებით მოქმედებს

თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კვოტებთან დაკავშირებული სხდომის დაგვიანებით ჩანიშნვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელთა აზრით, სხდომის დაგვიანებით ჩანიშნვა, შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილებას არ აპირებს და წინასწარ განსაზღვრული შედეგებით მოქმედებს.

"საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიანებით ჩანიშნა სხდომა გენდერული კვოტების საქმეზე.

თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროპული საქართველოს ერთობლივი სარჩელი 2021 წლის 17 აგვისტოს დარეგისტრირდა, მაგრამ სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომა თითქმის ერთი თვის დაგვიანებით, 14 სექტემბერს ჩანიშნა, მაშინ როდესაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით პარტიული სიის წარდგენის ვალდებულება დადგენილია 2 სექტემბრისთვის.

კონსტიტუციური სარჩელი სწორედ იმას ამტკიცებს, რომ სიის არსებული წესით შედგენა შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და სამართლიანი წესებით არჩევნების ჩატარებას უშლის ხელს.

საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდა საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის რეგისტრაციის ვადის გასვლას და არჩევნებამდე მხოლოდ 2 კვირით ადრე მოიცალა სარჩელის განსახილველად, როცა მოსარჩელეებს გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიადგათ.

სასამართლომ გულგრილობით და უმოქმედობით კონსტიტუციური კონტროლის მიღმა დატოვა თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიღებული სადავო ნორმა, რითაც თავისივე დამკვიდრებულ პრაქტიკას გადაუხვია და დააზიანა დემოკრატიული პროცესი.

პარტიული სიის რეგისტრაციის ვადამდე უნდა შეჩერებულიყო სადავო ნორმები ან გადაწყვეტილიყო მათი კონსტიტუციურობა. დაგვიანებული სხდომის ჩანიშვნით საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეებს მოუსპო შესაძლებლობა რეგისტრაციის ვადამდე დემოკრატიული წესით შეედგინათ პარტიული სია.

დაგვიანებულად ჩანიშნული სხდომა საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ სასამართლო წინასწარ განსაზღვრული შედეგების მიხედვით მოქმედებს და არ აპირებს კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას". – წერია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.


2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც მათ შორის, გენდერულ კვოტირებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. როგორც მოსამართლეები წერენ, კოლეგებმა საერთოდ არ შეაფასეს, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე. 

კომენტარები