გენდერული კვოტირება

საკონსტიტუციო სასამართლო გენდერულ კვოტებზე სარჩელს 14 სექტემბერს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო 14 სექტემბერს განიხილავს თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროპული საქართველოს სარჩელს, რომელიც გენდერულ კვოტებს ეხება.

მოსარჩელეთა აზრით, კვოტა არადემოკრატიული და არაკონსტიტუციურია. ისინი მიიჩნევენ, რომ კვოტები რეალურად არ ემსახურება ქალებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, პირიქით, ამ პრობლემების დასაფარად გამოიყენება და ქალთა გაძლიერებას უშლის ხელს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. პირველი, პარტიების თავისუფალ საქმიანობას ეწინააღმდეგება, მეორე, თავად უფლებას, რომ იყოს არჩეული ადამიანი და მესამე, ეწინააღმდეგება ამომრჩევლის თავისუფალ ნებას. მიგვაჩნია, რომ გენდერული კვოტები თავისთავად ნიშნავს შედეგობრივად ადამიანების გათანაბრებას და ეს არ ნიშნავს ქალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში არის ქალებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ეს კვოტებთან არაა დაკავშირებული. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პოლიტიკური კონკურენცია არ უნდა შეიზღუდოს სქესის საფუძველზე". – ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი, გვანცა კვარაცხელია. 

ევროპული საქართველო გენდერულ კვოტირებას ქალთა ემანსიპაციის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევს. პარტიის წევრი, ნინო თოდრია ამბობს, რომ მისთვის გენდერული კვოტირება შეურაცხმყოფელია. 

"კვოტირება არის არაკონსტიტუციური და რეალურად ეს დემოკრატიის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. პირადად მე ვარ შეურაცხყოფილი კვოტირებით, რადგან ყველა აბსოლუტურად იფიქრებს, რომ კვოტის დახმარებით მოვხვდი საკრებულოში, მაგრამ რეალურად მე ჩემი შრომითა და შესაძლებლობით ვცდილობ, რომ დავიმკვიდრო თავი საკრებულოში. დემოკრატიულ სახელმწიფოში არ გვჭირდება ხელოვნურად ჩასმული ადამიანები, რომლებიც შეცვლიან ჩვენს რეალობას, რადგან რეალურად ისინი ვერ შეცვლიან ჩვენს რეალობას. ჩვენ ისტორიიდანაც კარგად გვახსოვს, რომ პირველი ქალი პოლიტიკოსები სულ 6-ნი იყვნენ, მაგრამ ისინი ნამდვილად ცვლიდნენ რეალობას. ჩვენ თუ ვფიქრობთ, რომ კვოტირებით მოგვარდება პრობლემა, მაშინ რატომ არ ვფიქრობთ, რომ ასევე მოწყვლადი ჯგუფების კვოტირებით შესაძლებელი იქნება მათი პრობლემების მოგვარება?" – ამბობს ნინო თოდრია.

საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში 11 აგვისტოს შევიდა. ევროპული საქართველოს წევრმა ქალებმა და ამომრჩევლებმა ინდივიდუალური სარჩელები შეიტანეს. მათ ინტერესებს თავისუფლების ინსტიტუტი და იურისტი, გვანცა კვარაცხელია იცავს. 


2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც მათ შორის, გენდერულ კვოტირებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. როგორც მოსამართლეები წერენ, კოლეგებმა საერთოდ არ შეაფასეს, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე. 

კომენტარები