პოლიტიკური კრიზისი

ზურაბიშვილი: EU-ს სესხის მიღებაზე უარი ჩემთვის გაუგებარი ნაბიჯია

რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს აძლევს ხელს, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციისა თუ დასუსტების გამოწვევას ცდილობენ. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის ნაწილისთვის და ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა მოსახლეობას და მის შემცირებას უშუალოდ ემსახურობდა აღნიშნული 75-მილიონიანი სესხი.  

გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 31 აგვისტოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების გაცემას საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო ისედაც არ აპირებდნენ.

კომენტარები