კორონავირუსი საქართველოში

კანდელაკი: მთავრობამ უარი თქვა ლატვიის დახმარებაზე – AstraZeneca-ს 50 000 დოზაზე

გიორგი კანდელაკი

საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საქართველოს მდივანი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ლატვიის დახმარებაზე, რომელიც AstraZeneca-ს რამდენიმე ათეულ ათას დოზას გვთავაზობდა. 

გიორგი კანდელაკის ცნობით, მისი ინფორმაციით, საუბარია 50 000-მდე დოზაზე, რომელზეც საქართველომ უარი იმ პერიოდში თქვა, როდესაც ბალტიის პირეთის ქვეყნებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს. 

"დღეს როცა ასე მძვინვარებს პანდემია, ასეთი დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როცა მხოლოდ აგვისტოში საქართველომ დაკარგა 1 600-ზე მეტი ადამიანი, ამ პირობებში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ მაშინ, როცა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს უარი ეთქვა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინაციის ჩუქებაზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საუბარია AstraZeneca-ს 50 000 დოზაზე". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

ევროპული საქართველოს წევრის შეფასებით, საქართველოს მთავრობას შეეძლო AstraZeneca-ს ეს 50 000 დოზა სკოლების პერსონალის აცრისთვის გამოეყენებინა და სწავლა დისტანციურის ნაცვლად საკლასო ოთახებში დაწყებულიყო. 

"ამ ფონზე ლატვიიდან ხარისხიანი ვაქცინების ჩუქებაზე უარის თქმა არის ძალიან უპასუხისმგებლო საქციელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ვითარების ასეთ გაუარესებაზე". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ბოლო ერთ თვეში Covid-19-ით 1 712 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9.13%-ია, ბოლო 14 დღის – 9.85%.

ქვეყანაში მოქმედებს რიგი შეზღუდვები. 13 სექტემბრამდე შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში სწავლა 4 ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება, რესტორნები და კაფეები კი 22:00 საათამდე მუშაობს. 

კომენტარები