პოლიტიკური კრიზისი

დეგნანი: EU-ს დახმარებაზე მთავრობის განცხადება მოულოდნელია – ვაშინგტონი ყურადღებას მიაქცევს

ჩვენთვის ცოტათი მოულოდნელი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ. ევროს დახმარება, უმუშევრობის მაღალი დონის, სიღარიბისა და COVID-19-ის გავლენის მიუხედავად. მე დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონი ამას ყურადღებას მიაქცევს. 

ეს დახმარება მიბმული იყო მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმაზე. ეს გასულ წელს ნათელი იყო - როდესაც ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ პაკეტი განიხილეს. გავიმეორებ, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გაგრძელდება - ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე განხორციელდა. გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს - მიუხედავად იმისა, მიბმულია თუ არა 75 მილიონზე. აშშ-ის კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ისინი გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ

ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. 31 აგვისტოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების გაცემას საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო ისედაც არ აპირებდნენ. EU-ს შეფასებით, საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

კომენტარები