რუსეთი

მოსკოვში არაერთი მედიის უცხოეთის აგენტად გამოცხადების გამო ერთკაციანი პიკეტები გაიმართა

Дождь-ის ჟურნალისტის ქსენია მირონოვაიას დაკავება
Александр Горохов

მოსკოვის ცენტრში, ლუბიანსკაიას მოედანზე FSB-ს შენობის წინ, 21 აგვისტოს ერთკაციანი პიკეტები გაიმართა. პროტესტის მიზეზი სხვადასხვა დამოუკიდებელი მედიის "უცხოეთის აგენტად" გამოცხადება გახდა. 

პიკეტზე პირველი მედიაზონის ჟურნალისტი ალექსანდრ გოროხოვი გამოვიდა. პოლიციამ ის შეაჩერა, თუმცა რამდენიმე წუთში გაუშვა და პლაკატიც დაუბრუნა. მომდევნო საათის მანძილზე პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს პროტესტში ხელს არ უშლიდნენ, მხოლოდ მათ მონაცემებს ინიშნავდნენ და აფრთხილებდნენ, რომ პიკეტი აუცილებლად ერთკაციანი უნდა იყოს.

პოლიციამ ჟურნალისტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც დარია ჩერკუდინოვა და იულია სტაროსტინა პლაკატებით ერთმანეთისგან დაახლოებით 10 მეტრის დაშორებაზე დადგნენ. პოლიციამ ისინი არასანქცირებული მასობრივი ღონისძიების ჩატარებაში დაადანაშაულა და დააკავა. ამის შემდეგ პოლიციამ პიკეტის იმ მონაწილეების დაკავებაც დაიწყო, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებით და მარტო იდგნენ.  

მთლიანობაში პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

მოგვიანებით, FSB-ს შენობასთან სამთავრობო მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების ლოზუნგი იყო "გაუმარჯოს რუსეთის პოლიციას". აქციის ორგანიზებისთვის ისინი პოლიციას არ დაუკავებია.


20 აგვისტოს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტებად გამოაცხადა რუსეთის მთავარი დამოუკიდებელი მედია Дождь-ი, გამოცემა მნიშვნელოვანი ისტორიები და 7 ჟურნალისტი. რუსეთში წნეხი დამოუკიდებელ მედაზე სულ უფრო და უფრო იზრდება. ბოლო 4 თვის მანძილზე ეს უცხოეთის აგენტთა სიის უკვე მეხუთე გაფართოებაა. ამ პერიოდში სიას 6 გამოცემა და 20 ადამიანი დაემატა. უცხოეთის აგენტად გამოცხადების შემდეგ სარეკლამო შემოსავლების დაკარგვის გამო ზოგიერთ მედიას დახურვა უწევს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს რეესტრში, რემლშიც უცხოეთის აგენტი მედიები შეჰყავთ, ახლა 43 სუბიექტია შესული. მათგან 25 ფიზიკური პირია. 2021 წლის აპრილიდან უცხოეთის აგენტად გამოცხადდა დამოუკიდებელი მედია მედუზაპირველი ანტიკორუფციული მასმედიაVTimes-ი, რომელიც მალევე დაიხურა და The Insider-ი. სიაში ასევე მოხვდნენ პროექტისრადიო თავისუფლებისა და ღია მედიების ჟურნალისტები. გარდა ამისა პროექტი არასასურველ ორგანიზაციადაც გამოცხადდა, ხოლო МБХ მედია და ღია მედიები საიტების დაბლოკვის შემდეგ დაიხურა. უცხოეთის აგენტად გამოცხადების გამო იხურება, ინტერნეტგამოცემა NEWSru.

კანონის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელსაც "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადებენ, ვალდებულია, თავი ამ იარლიყით წარმოაჩინოს და საკუთარ გამოცემებში მიუთითოს. კანონის მიხედვით მსგავსი ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსთა ხარჯვა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა იყოს გაკონტროლებული. 2020 წლიდან ამ იარლიყის მინიჭება შესაძლებელი გახდა ინდივიდებისთვისაც. კანონის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

"უცხოეთის აგენტის" კანონი რუსეთის ფედერაციაში ძალაში 2012 წლიდან შევიდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოქმედებდა, 2017 წლიდან კი ამ კანონის სამიზნე ობიექტების რიცხვი გაფართოვდა და სამაუწყებლო ორგანიზაციებიც მოიცვა. რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანონ.

კომენტარები