არჩევნები 2021

მელია: ელენე ხოშტარია გლდანში პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანში ამომრჩევლებს შეხვდნენ. ნიკა მელიას თქმით, ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. 

"ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში გლდანის რაიონში. ელენესნაირი ენერგიული დეპუტატი და შემდგომ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად. ამიტომ, წარმატებები ელენეს და წარმატებები მთელ გლდანის რაიონს". – თქვა ნიკა მელიამ.

ხოშტარიას თქმით, გლდანში პირველივე ტურში გამარჯვების შანსი რეალურად არსებობს, აქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიდი ბრძოლისუნარიანობა აჩვენეს. 

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სიის პირველი ნომერი კი არ ვიყო, არამედ, უშუალოდ ვიყო ამ მებრძოლ ხალხთან ერთად და ამ უბანში დავდოთ გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი, რომ პირველივე ტურში გლდანმა გამარჯვება გამოაცხადოს. გამარჯვება არ მოდის მხოლოდ პოლიტიკოსების ხარჯზე, ეს გამარჯვება მოდის ხალხის შემართების და ბრძოლის ხარჯზე და ეს გასულმა წელმაც გვაჩვენა". – თქვა ხოშტარიამ.

17 აგვისტოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, დროამ და გირჩი – მეტი თავისუფლებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის 10 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებული კანდიდატები წარადგინეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ დააყენებს. პარტია მხარს ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, რომელმაც თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ – დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე წარადგინა.

ბათუმში 9 ოპოზიციური პარტიის შეთანხმებული მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის ვახტანგ კალოიანი იქნება.

ენმ-მ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატები 29 მუნიციპალიტეტში უკვე წარადგინა.

ევროპულ საქართველოს მერობის კანდიდატი 14 ქალაქში ეყოლება, აქედან 2 – შეთანხმებული. პარტია 16 რეგიონულ მუნიციპალიტეტში მხარს კოორდინირებული ოპოზიციის საერთო კანდიდატებს დაუჭერს, მათგან 12 ენმ-ს კანდიდატია. 


2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები