მედგიდი

ჯაფარიძე: მედგიდის შექმნის წუთიდან ჩვენი მიზანი არავის კრიტიკა არ ყოფილა, რატომ გვებრძვით?

მედგიდის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, მან არ იცის, ვინ დგას ჯგუფის უკვე მეორედ გაუქმების უკან, თუმცა ის ამბობს, რომ აუცილებლად გაკეთდება ახალი ჯგუფი და გაგრძელდება ადამიანების დახმარება, რომლებიც "სრულიად უპატრონოდ" არიან დარჩენილები.

ჯაფარიძემ ხელისუფლებას მიმართა და ურჩია, რომ მათთან ბრძოლის დრო ადამიანებზე ზრუნვას მოახმარონ.

"გამორიცხულია, ფეისბუქს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ასე მოულოდნელად გაექრო ჩვენი ჯგუფი. მე არ ვიცი, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, არ ვიცი, ვის რა უშავდებოდა იმით, რომ სრულიად გაუმართავი და უნიათო სისტემის გვერდით ვიდექით და ვიბრძოდით ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი ცხადია, რომ მედგიდი იყო ის ერთადერთი ნათელი წერტილი ადამიანებისთვის, რომლებიც იყვნენ სრულიად უიმედოდ დარჩენილები და თქვენ ეს იმედიც გაუქრეთ ადამიანებს.

მედგიდის დაარსების წუთიდან ჩვენი მიზანი არავის კრიტიკა არ ყოფილა და არავის ჯიბრში დგომა, რატომ გვებრძვით? რაში გიშლით ხელს? გიდგავართ გვერდში და ძალიან ხშირად თქვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ ჩვენ, იმის მაგივრად, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა არის ძალიან მძიმე ომში, გამოგეყენებინეთ და ჩვენ ეს არაერთხელ შემოგთავაზეთ და დაგეყენებინეთ გვერდით და ერთად მთელ საქართველოს გვებრძოლა ამ უხილავ მტერთან, ისევ გვებრძვით. ჩვენთან ბრძოლის დრო, უმჯობესია, გამოიყენოთ ადამიანებზე ზრუნვისთვის, იმიტომ, რომ ისინი არიან სრულიად უპატრონოდ დარჩენილები და თქვენგან ზურგშექცეულები, ძალიან ბევრი მათგანი, ყოველ შემთხვევაში". - თქვა მან.

Facebook ჯგუფი მედგიდი დღეს, 19 აგვისტოს, უკვე მეორედ დაიბლოკა. თავდაპირველად ჯგუფი 9 აგვისტოს დაბლოკეს და მაშინ სოფო ჯაფარიძემ თქვა, რომ ეს მიზანმიმართული შეტევის შედეგად მოხდა.

კომენტარები