მკვლელობა თელავში

მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სპორტსმენების: ლაშა ტალახაძის, ლაშა ბექაურის და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის მზაობა, გათავისუფლების მიზნით თავდებში ჩასდგომოდნენ ზვიადაურს.

ზურაბ ზვიადაური მკვლელობის გამო გუშინ, 17 ივლისს დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა ძმის, ზვიად ზვიადაურის მკვლელს ესროლა. ზვიად ზვიადაური ორ მეგობართან ერთად თელავში 16 ივლისს, ღამით მოკლეს. სწორედ ამ დაპირისპირების დროს ესროლა ზურაბ ზვიადაურმა  1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს. ზვიადაურს ბრალი 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობითვის წარუდგინეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, ზვიადაურმა "რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა".

კომენტარები