მკვლელობა თელავში

ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს – პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ბრალი 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს. საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ზურაბ ზვიადაური მკვლელობის გამო გუშინ, 17 ივლისს დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა ძმის, ზვიად ზვიადაურის მკვლელს ესროლა. ზვიად ზვიადაური ორ მეგობართან ერთად თელავში 16 ივლისს, ღამით მოკლეს. სწორედ ამ დაპირისპირების დროს ესროლა ზურაბ ზვიადაურმა  1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს. 

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, ზვიადაურმა "რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა".   

დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ჯ.ჯ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის წარედგინა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად  ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო - ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები