მკვლელობა თელავში

"გაუგებარია" – პროკურატურა ზვიადაურისა და ჯანგირაშვილის გათავისუფლებაზე

საქართველოს პროკურატურა გაუგებარს უწოდებს თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა. უწყება წერს, რომ ბრალდების მხარე აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში შეიძლება მომხდარიყო, თუმცა მათივე თქმით, მოსამართლემ ეს გარემოებები არ გაითვალისწინა.

"საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია,  თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე  მამუკა წიკლაურმა. ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას  და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან.

მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა  50 000-ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება  და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას", - წერია განცხადებაში.

ზურაბ ზვიადაური მკვლელობის გამო, 17 ივლისს დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა ძმის, ზვიად ზვიადაურის მკვლელს ესროლა. ზვიად ზვიადაური ორ მეგობართან ერთად თელავში 16 ივლისს, ღამით მოკლეს. სწორედ ამ დაპირისპირების დროს ესროლა ზურაბ ზვიადაურმა  1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს. ზვიადაურს ბრალი 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობითვის წარუდგინეს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, ზვიადაურმა "რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა".

კომენტარები