მკვლელობა თელავში

ზვიადაურის ადვოკატი: ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს, იძულებული იყო, გაეკეთებინა

ოლიმპიური ჩემპიონისა და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისივე თქმით, ზვიადაურმა "რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა".  

"ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს. იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მართლზომიერად მოქმედებდა და თავდამსხმელი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა. რაც გააკეთა, იძულებული იყო, გაეკეთებინა, რათა გადაერჩინა თავისი სიცოცხლე და თავისი ძმის სიცოცხლე. 

თვითონ საერთოდ არ იცნობდა თავდამსხმელს, ის იყო მისული, იმიტომ, რომ თავისი ძმა გამოეყვანა იქედან, შარს აერიდებინა, მაგრამ ვერ მიუსწრო და ვერ შეძლო, მისვლა დაუგვიანდა, იმიტომ, რომ თავდამსხმელი უკვე ავტომატურ იარაღს ისროდა". – ამბობს ადვოკატი კახა ცნობილაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

ადვოკატის თქმით, ზვიადაურისთვის ბრალის წარდგენას დღეს, 18 აგვისტოს, ელოდებიან.  

ზურაბ ზვიადაური მკვლელობის გამო გუშინ, 17 ივლისს დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიადაურმა ძმის, ზვიად ზვიადაურის მკვლელს ესროლა. ზვიად ზვიადაური ორ მეგობართან ერთად თელავში 16 ივლისს, ღამით მოკლეს. სწორედ ამ დაპირისპირების დროს ესროლა ზურაბ ზვიადაურმა  1994 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს. 

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. 

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ". – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები