ავღანეთი

ღანი: არ მინდოდა, ქაბულში სისხლი დაღვრილიყო, ამიტომ გადავწყვიტე დედაქალაქის დატოვება

აშრაფ ღანი
CNN

ავღანეთის გაქცეული პრეზიდენტი, აშრაფ ღანი Facebook-ით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრისა და ავღანეთის განადგურების თავიდან ასარიდებლად დატოვა.

"არ მინდოდა, რომ ქაბულში სისხლისღვრა დაწყებულიყო, როგორც ეს სირიასა და იემენში მოხდა. ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი, ქაბული დამეტოვებინა.

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ავღანეთის პრეზიდენტის პოსტზე რომ დავრჩენილიყავი, ის რაც 25 წლის წინ მოხდა, კვლავ განმეორდებოდა. ავღანელი ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ და ჩვენი ისტორიისთვის ეს საშინელი უბედურება იქნებოდა.

აშრაფ ღანიმ ასევე უარყო ბრალდება, რომ მან ქვეყანა დიდი რაოდენობით თანხით დატოვა. ღანის თქმით, ის ავღანეთიდან ხელცარიელი წავიდა და ისმის დროც კი არ ჰქონდა, რომ ფეხზე გამოეცვალა.

"ისე წამოვედი, რომ სანდლების ნაცვლად ფეხსაცმლის ჩაცმის დროც არ მქონდა. ჩემი ყველაზე ძვირფასი ნივთები - წიგნები, ასობით წიგნაკი და ჩემი პირადი ლეპტოპი - სამწუხაროდ, თან ვერ წავიღე. ყველაფერი სხვა ხალხის ხელში აღმოჩნდა". – თქვა ღანიმ.

პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ის ავღანელ ოფიციალურ პირებს ესაუბრება და იმედი აქვს, რომ წელს ქვეყანაში დაბრუნებას შეძლებს.

"გაქცევას არ ვაპირებ. ავღანეთისთვის კეთილდღეობას, მმართველობასა და მშვიდობას ვეძებ". – თქვა ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა.

აშრაფ ღანი ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. მან ავღანეთი 15 აგვისტოს დატოვა, როცა თალიბანმა დედაქალაქს ალყა შემოარტყა და ქალაქში შესვლა დაიწყო. თავდაპირველად, ქვეყნის დატოვების შემდეგ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. მას შემდეგ რაც ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები