ავღანეთი

60-ზე მეტი ქვეყანა თალიბანს მოუწოდებს, ადამიანებს ავღანეთის დატოვების საშუალება მისცეს

მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო თალიბანს მოუწოდებს, ავღანეთის მოსახლეობას და უცხოელებს ქვეყნის ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცეს. ერთობლივი განცხადება 15 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

"უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვმუშაობთ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს უცხოელებისა და იმ ავღანელების, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, უსაფრთხო გამგზავრებას. მათ, ვინ ავღანეთში ძალაუფლებას ფლობს, აკისრია ადამიანის სიცოცხლისა და საკუთრების დაცვის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენის პასუხისმგებლობა.

ავღანელებსა და უცხოელ მოქალაქეებს, რომლებსაც [ქვეყნის] დატოვება სურთ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. გზები, აეროპორტები და სასაზღვრო გამშვები პუნქტები უნდა იყოს ღია, სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს.

ავღანელი ხალხი იმსახურებს უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, მზად ვართ, დავეხმაროთ მათ". – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო აწერს ხელს. განცხადების ხელმომწერებში არ არის რუსეთი. 

გუშინ, 15 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში 22 ქართველი იმყოფება.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ავღანეთში მყოფი ქართველების დაბრუნების საკითხზე მუშაობა. უწყების ცნობით, კომუნიკაცია აქვთ უკრაინასთან, რათა, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინული საჰაერო ბორტით მოხდეს.

15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შევიდა და ქალაქზე კონტროლი დაამყარა. დაჯგუფებამ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა. მანამდე ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ. ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამბობს, რომ მზად არის თალიბანისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესს გაუძღვეს.

​ათასობით ავღანელი და უცხოელი მოქალაქე ცდილობს, ქაბული დატოვოს. დედაქალაქის აეროპორტი გადავსებულია. ქაბულის აეროპორტს აშშ-ს ძალები იცავენ, სანამ დედაქალაქს აშშ-ს წარმომადგენლობა, მათი მოკავშირეები და ის ავღანელები ტოვებენ, რომლებსაც დარჩენის შემთხვევაში დიდი საფრთხე ელით. 

ავღანეთის მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, უცხოეთში გაჰყოლოდნენ ბოლო კომერციულ ავიარეისებს. კომერციული ავიარეისები შეჩერებულია და პრიორიტეტი აშშ-ს სამხედრო რეისებს ენიჭება, რომლებსაც ქვეყნიდან დიპლომატები გაჰყავთ.

ავღანეთში თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება.

კომენტარები