კორონავირუსი

WHO: შეაჩერეთ ბუსტერების გამოყენება, სანამ ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 10% არ აიცრება

WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) ქვეყნებს მოუწოდებს, შეაჩერონ კორონავირუსზე მესამე დოზით ვაქცინაცია, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე, სანამ ყველა ქვეყნის მოსახლეობის 10% მაინც არ აიცრება.

"გასაგებია, რომ ყველა ხელისუფლებას სურს მოსახლეობის კორონავირუსის ახალი შტამებისგან დაცვა, თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინების მსოფლიო მიწოდების ძირითადი ნაწილი გამოიყენეს, კვლავ უფრო მეტი შეიძინონ". – თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

WHO-ის მონაცემებით მდიდარმა ქვეყნებმა მოახერხეს ჯერ კიდევ მაისში 100 კაციდან 50-ის აცრა, რაც კიდევ მეტადაა გაზრდილი, მაშინ როდესაც ღარიბმა სახელმწიფოებმა ყოველ 100 კაცზე 1.5 აცრეს მცირე მიწოდების გამო. 

დელტა შტამის შესაჩერებლად ზოგმა ქვეყანამ დაიწყო მესამე დოზის ე.წ ბუსტერების შემოღება, მათ შორის ისრაელმაც. აშშ-მ დამატებით 200 მილიონ დოზაზე გააფორმა შეთანხმება ფაიზერთან როგორც ახალგაზრდების აცრისთვის, ასევე შესაძლო ბუსტერული დოზებისთვის.

კომენტარები