კორონავირუსი

ჰონგ კონგში, ზოომაღაზიაში კორონავირუსის გავრცელების გამო 2000-მდე ზაზუნას დააძინებენ

ჰონგ კონგში 2000-მდე ზაზუნასა და სხვა მცირე ზომის ძუძუმწოვარს დააძინებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მას შეემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი ზოომაღაზიის თანამშრომელსა და რამდენიმე მომხმარებელს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კორონავირუსის დელტა შტამი თავდაპირველად ზოომაღაზია Little Boss-ის 23 წლის თანამშრომელს დაუდასტურდა, შემდეგ კი ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელსაც მასთან კონტაქტი ჰქონდა. ამის შემდეგ ზოომაღაზიაში ტესტირებები ჩაატარეს და ვირუსი 11 ზაზუნას დაუდასტურდა. სპეციალისტების აზრით, ინფიცირების წყარო საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ერთ-ერთი ზაზუნაა.

ადამიანები, რომლებმაც Little Boss-ში ზაზუნა 22 დეკემბრის შემდეგ შეიძინეს, ვალდებულნი არიან შინაური ცხოველები ევთანაზიისთვის ჩააბარონ. ამგვარმა გადაწვყეტილებამ კი ათასობით ადამიანის პროტესტი გამოიწვია, რომლებმაც გადაწყვეტილების გასაუქმებლად პეტიციაც შეადგინეს.

კომენტარები