ფარული მოსმენა

მეუფე ნიკოლოზი: დამიკავშირდა უშიშროება, ჩემი ტელეფონი სულ უნდა მოესმინათ, დავთანხმდი

პალიტრანიუსი/კადრი ვიდეოდან

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს მისი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თავად დათანხმდა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას არავინ დაკავშირებია, თუმცა ჩათვალა, რომ ეს შეთანხმება ძალაში იყო. მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ ჩანაწერები არასდროს გავრცელდება, რადგან ბევრი ადამიანის ბედია მასზე დამოკიდებული.  

"დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემ ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ. მე ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები, წინ არ უნდა დამხვდეს არასოდეს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არავინ აღარ დამკავშირებია, მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია". – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. 


მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ნიკა გვარამიას ცნობით, სუს-ი ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა. 

მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმა დოკუმენტებში ასახული სატელეფონო საუბრები დაადასტურა. 

ნიკა გვარამიამ ასევე დაასახელა სუს-ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი ცნობით, ხელმძღვანელობენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს. ესენი არიან სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე. 

რადიო თავისუფლების ცნობითმთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული მასალებიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მოპოვებული ოპერატიული დოკუმენტებია, მათი ჟურნალისტის – გიორგი მგელაძის საუბარს ასახავს.

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ნინო გელაშვილი ამბობს, რომ მასაც უსმენდნენ და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ჩანაწერები ნამდვილია. გელაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ის, 2020 წლის ზაფხულში კონკრეტული ფაქტის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, საუბრის შინაარსი კი სუს-ის ანგარიშში მოხვდა. 

ხელისუფლება მოსმენებს უარყოფს. ქართული ოცნების წერვები აცხადებენ, რომ ჩანაწერები სიმართლეს არ შეესაბამება და "მორიგო პროვოკაციააა". პრემიერმინისტის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "სუს-ი, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს"

კომენტარები