ფარული მოსმენა

ღარიბაშვილი: სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს

საქართველოს მთავრობა

"სუს-ი, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს". – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ფარული ჩანაწერების დოკუმენტებს. მისი თქმით, ერს მორიგი დაგეგმილი პროვოკაციაა. 

"ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ, სახელმწიფო უსაფრთხოების. სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, ზედმეტი კომენტარი და სერიოზული კომენტარი არ შეიძლება ამაზე გავაკეთო". – ამბობს ღარიბაშვილი. 

ამის შემდეგ მას ჟურნალისტმა უთხრა, რომ ჩანაწერების ნამდვილობას ჟურნალისტები ადასტურებენ, რაზეც ღარიბაშვილი პასუხობს, რომ "არ არის საინტერესო". 


მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ნიკა გვარამიას ცნობით, სუს-ი ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა. 

მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმა დოკუმენტებში ასახული სატელეფონო საუბრები დაადასტურა. 

ნიკა გვარამიამ ასევე დაასახელა სუს-ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი ცნობით, ხელმძღვანელობენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს. ესენი არიან სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე. 

რადიო თავისუფლების ცნობითმთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებული მასალებიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურიდან მოპოვებული ოპერატიული დოკუმენტებია, მათი ჟურნალისტის – გიორგი მგელაძის საუბარს ასახავს.

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ნინო გელაშვილი ამბობს, რომ მასაც უსმენდნენ და მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ჩანაწერები ნამდვილია. გელაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ის, 2020 წლის ზაფხულში კონკრეტული ფაქტის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, საუბრის შინაარსი კი სუს-ის ანგარიშში მოხვდა. 

კომენტარები