ფარული მოსმენები

გვარამია: სუს ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ანგარიშებს ამზადებდა

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: George Nebieridze , BuzzFeed

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ნიკა გვარამიას ცნობით, სუს-ი ამ ანგარიშებს ბიძინა ივანიშვილს უმზადებდა. 

მიყურადებისა და თვალთვალის ობიექტები არიან როგორც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები. 

არასამთავრობო ორგანიზაციების სამმა წარმომადგენელმა დოკუმენტებში ასახული სატელეფონო საუბრები დაადასტურა. 

ნიკა გვარამიამ ასევე დაასახელა სუს-ის კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი ცნობით, ხელმძღვანელობენ უკანონო მიყურადებასა და თვალთვალს. ესენი არიან სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მისი მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი, კოკა კობიძე. 

გვარამიამ მხოლოდ 2020 წლის წინასაარჩევნოდ გაკეთებული სავარაუდო ანგარიშები გაასაჯაროვა, რომელიც რამდენიმე ნაწილად იყოფა. ერთ-ერთი კრებსი მოიცავს სექსუალური ურთიერთობების სერიას, სადაც დეტალურადაა აღწერილი თანამდებობის პირების, ბიზნესმენების, როგორც მართლმადიდებლები ისე სხვა კონფესიის წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ სუს-ის გასცემს მითითებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ადამიანების მიყურადება შემდეგ ჯერზეც.

დოკუმენტებში, რომელიც გვარამიამ წარადგინა, ასევე აღწერილია ჰომოსექსუალური კავშირებიც და უფრო მეტიც, ძირითადად, აქცენტი სწორედ ამაზეა, რაც სუს-ის სავარაუდო დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა". 

მაგალითისთვის, ერთ-ერთი ჩანაწერი მოიცავს არამართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის ჰომოსექსუალურ კავშირებს, შემდეგი კი უკვე მთავარეპისკოპოსის ასეთ სექსუალურ კავშირებს ეხება სამების ტაძრის მღვდელმსახურთან

ასევე აღწერილია პუტინისტების, გურამ ფალავანდიშვილისა და ლევან ჩაჩუას სატელეფონო ჩანაწერის შინაარსიც, სადაც საუბარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გავრცელებულ ჰომოსექსუალურ კავშირებზე. 

ასევე, ნიკა გვარამიას მიერ წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სუს-ი აკვირდებოდა ერთ-ერთი მაღალჩინოსნისა და ჟურნალისტის ურთიერთობას, რომლის შედეგადაც ჟურნალისტი თანამდებობის პირისგან დაფეხმძიმდა. ნიკა გვარამიას ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა მას აბორტის გაკეთება აიძულა. 

გვარამიას თქმით, მოპოვებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ სუს-ი საქართველოში არსებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენდა და მასალებს ბიძინა ივანიშვილს აწვდიდა. 

გვარამიას ცნობით, დოკუმენტის სხვა ნაწილი მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების სატელეფონო ჩანაწერებს, მათ შორისაა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) დირექტორის მოადგილის, გიორგი ონიანისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) იურისტის, გურო იმნაძის სატელეფონო დიალოგი, რომელიც ეხება თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარების საკითხს.

ამავე საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა ონიანსა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი მშვენიერაძეს შორისაც. Დოკუმენტების მიხედვით, მშვენიერაძემ ონიანს თანადგომა აღუთქვა და თქვა, რომ თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარება დაუშვებელია. 

ნიკა გვარამიას გადაცემის ეთერში გასვლიდან მალევე GDI-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ დაადასტურა, რომ მსგავსი საუბარი მასა და გიორგი ონიანს შორის ნამდვილად შედგა.

გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაპირდაპირ დაადასტურა გურო იმნაძემაც. Მან Facebook-ზე დაწერა, რომ "ამ ქვეყანაში რომ არ გისმენდნენ და გითვალთვალებდნენ, ეგ უფრო იქნებოდა გასაკვირი". 

ე.წ სუს-ის დოკუმენტებს გამოეხმაურა TI-ის თავმჯდომარე, ეკა გიგაური, რომელმაც გააზიარა ის განცხადება, რომელზე მუშაობის ფარგლებშიც ჩაიწერა სატელეფონო საუბრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის და მანაც დაადასტურა, რომ მის მოადგილესა და გურო იმნაძესა და გიორგი მშვენიერაძეს შორის ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა.

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ "ამ საკითხზე კომენტარი, რა თქმა უნდა, არ გაკეთდება".

კომენტარები