შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატებს გავიტანთ დაცულ ადგილას, სანამ ძეგლი აღდგება

"სავალალო მდგომარეობაში მყოფი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ, სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ". – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

მისი თქმით, როცა მუზეუმი იქნება აღდგენილი და მზად, რომ მიიღოს თანამედროვე პირობებში და სტანდარტების დაცვით, ეს ექსპონატები დაბრუნდება. მისივე თქმით, 5 აგვისტომდე კონკრეტული სივრცე დასახელდება, თუ სად მოთავსდება დროებით საცავში ასეულობით ათასი ექსპონატი. 

"მე ვვარაუდობ, რომ დღის ბოლომდე თუ არა ხვალ, ყოველ შემთხვევაში, 5 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ჩვენ ვიტყვით, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე დღეს-ხვალ გვაქვს ვადა და მოგახსენებთ, არ იქნება თვითონ კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა, ვიდრე თვითონ მუზეუმი იქნება აღდგენილი და განახლებული". – ამბობს წულუკიანი. 

2021 წლის 4 ივლისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. 

მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. ზრუნვა კი შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყეს.

ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად – 5 აგვისტოს, 12 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.

კომენტარები