შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

წულუკიანი: ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, რადგან მათ სარწმუნო არგუმენტები არ აქვთ

"ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს". – ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან გამართულ აქციაზე.

წულუკიანის თქმით, მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე გამოიშიგნა, ხოლო სამინისტრო აპირებს ინვენტარიზაციას, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

"სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს. [...] თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი მათდა სამწუხაროდ. რაც შეეხება თვითონ საქმეს (იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე): კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, რომელიც არის სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა და ჩვენ გაჩვენებთ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება". – ამბობს წულუკიანი

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ, ეკლესიასთან ერთად შეარჩია ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ექსპონატების დროებით გადაადგილება. ეს ადგილებია, ჯანაშიას მუზეუმის უკვე მომზადებული საცავი, ფონდსაცავი და საგამოფენო სივრცე და შალვა ამირანაშვილის მუზეუმის უკანა კორპუსი.

"ეს ორი ალტერნატივაა დროებითი სივრცეებისთვის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩამოვყალიბდებით ისე, როგორც ეს ძეგლისთვის, ფასეულობებისთვის და ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო". – თქვა წულუკიანმა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

2021 წლის 4 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში, დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. სამინისტრომ ზრუნვა შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ გასცემს შენობის დემონტაჟის რეკომენდაციას და საერთოდაც, არ საუბრობს ამ ზომის აუცილებლობაზე. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ რიგი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ამ განცხადების შემდეგ ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, თუმცა კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტრო არაფერს ამბობს პოტენციური რესტავრაციის შესახებ და იწყებს მუზეუმის დაცარიელებას. 30 ივლისს საევაკუაციო სამუშაოებს ჩამოაშორეს ხელოვნების მუზეუმის მმართველის, ეკა კიკნაძის გუნდი, თვითონ კიკნაძე კი მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე ჩამოაქვეითეს.

კომენტარები