TDI-ის ანგარიში 2021

TDI: მთავრობა ინდოელ სტუდენტებს დისკრიმინაციულ, შერჩევით კოვიდრეგულაციებს უწესებს

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ცნობით, მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ ზედმეტად მკაცრი, არაპროპორციული და დისკრიმინაციულია. 

TDI-ს ახალი კვლევა 2020-2021 წლებში, საქართველოში მცხოვრები უცხოელების უფლებრივ მდგომარეობასა და მათზე კოვიდპანდემიის გავლენას შეისწავლის.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დოკუმენტშია გამოკვეთილი, საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების მდგომარეობაა. კერძოდ, უცხოელ სტუდენტებს არაერთი პრობლემა შეექმნათ როგორც სასწავლო პროცესთან, ისე მოქალაქეობის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც ინდოელი სტუდენტები და, ზოგადად, ინდოეთიდან შემოსვლის მსურველი პირები აღმოჩნდნენ, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322-ე დადგენილებას ეხება, რომლის ძალითაც, 2021 წლის 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლითაც ინდოეთიდან საქართველოში ჩამომსვლელი პირებისა და ინდოელი სტუდენტებისთვის განსხვავებული პირობები დაწესდა, კერძოდ:

  • ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, საქართველოში ვიზიტამდე წარადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს და, ასევე, დაექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს;
  • ცვლილებით განისაზღვრა, რომ ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდეს მხოლოდ ჩარტერული რეისებით;
  • ამასთან ერთად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების მიუხედავად, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს საზღვარზე, ხოლო შემდგომ დაექვემდებარება სავალდებულო 14-დღიან კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

ახალი რეგულაციები საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ისინი დროულად არ უზრუნველყვეს სათანადო ინფორმაციით. 14 აპრილს, გამომგზავრებამდე, სტუდენტებმა ახალი რეგულაციების შესახებ არაფერი იცოდნენ. იმავე დღეს, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ინდოეთიდან ჩამოსული 180 სტუდენტი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარა. დამატებითი ხარჯის სახით თითოეულ დღეზე მათ 150 ლარის გადახდა მოუხდათ.

TDI მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ ზედმეტად მკაცრი, არაპროპორციული და დისკრიმინაციულია.

ანგარიშის მიხედვით, შეზღუდვებმა პრობლემები შეუქმნა იმ სტუდენტებსაც, რომლებიც ინდოელებისათვის დაწესებული ახალი რეგულაციების გამო და ინდოეთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებას. როგორც სტუდენტები TDI-სთან საუბარში აღნიშნავდნენ, მათ პრობლემები შეექმნათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტშიც. კერძოდ, 2021 წლის გაზაფხულზე, ინდოეთიდან მგზავრობაზე დაწესებული ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდგომ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოითხოვა ისინი პირადად გამოცხადებულიყვნენ და სემესტრისთვის აკადემიური რეგისტრაცია ადგილზე გაევლოთ. იმ სტუდენტებს, რომლებიც დადგენილ ვადაში ვერ ახერხებენ ინდოეთიდან გამომგზავრებას და უნივერსიტეტში ფიზიკურად გამოცხადებას, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ აძლევს რეგისტრაციის ონლაინ ფორმით გავლის შესაძლებლობას. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 აპრილის დადგენილებით განისაზღვრა, რომ დისტანციურ სასწავლო პროცესზე დაუშვას მხოლოდ საქართველოში მყოფი ბსუ-ს სტუდენტები. ამავე დადგენილებით, ის სტუდენტები, რომლებიც 2021 წლის 13-14 მაისს ვერ გამოცხადდებოდნენ ფაკულტეტის დეკანის ოფისში აკადემიური რეგისტრაციის მოწმობაზე ხელის მოსაწერად, მათ მიმართ დაიწყებოდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ.

ადმინისტრაციული საქმის წარმოება სტუდენტების მიმართ მართლაც დაიწყო, თუმცა 2021 წლის 3 ივნისს TDI-მ განცხადებით მიმართა ბათუმის უნივერსიტეტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე მთავრობის მიერ შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო ადმინისტრაციული წარმოება და დაცული ყოფილიყო სტუდენტების უფლებები. 4 ივნისს გამოქვეყნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა, რომ იმ სტუდენტებს, რომლებიც ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.

 

კომენტარები