TDI-ის ანგარიში 2021

TDI: ბინადრობის უფლების გაცემას სუსი აკონტროლებს, პროცესი თვითნებური და ბუნდოვანია

GTUC

ტოლერანტობისა და თანასწორობის ინსტიტუტის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი რისკების მოტივით, უარი ბინადრობის ნებართვაზე წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარ ბერკეტად გამოიყენება, რათა ხელოვნურად შემცირდეს მიგრანტთა ნაკადის შემოდინება არასასურველი ქვეყნებიდან, უმთავრესად კი აფრიკისა და აზიის რეგიონის სახელმწიფოებიდან.

TDI-ის ახალი კვლევა 2020-2021 წლებში, საქართველოში მცხოვრები უცხოელების უფლებრივ მდგომარეობასა და მათზე კოვიდპანდემიის გავლენას შეისწავლის.

ანგარიშის მიხედვით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი, ხშირ შემთხვევაში, ისევ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების გამართლებით უცხოელის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობას უკავშირდება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ ერევა ქვეყანაში კონკრეტული „არასასურველი“ ქვეყნებიდან შემოსული პირების ნაკადის ხელოვნურად დაბრკოლებაში, რაც, შეიძლება ითქვას, თვითნებურ და დაუსაბუთებელ ხასიათს ატარებს.

კვლევის ავტორების თქმით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, მიუხედავად იმისა, რომ მას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება აქვს მინიჭებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, პირდაპირ უარს ეუბნება განმცხადებელს.

"სერვისების განვითარების სააგენტოდან შემოსული წერილით დადასტურდა, რომ 2020 წლის პერიოდში შესაბამისი ორგანოებიდან მიღებული უარყოფითი დასკვნის / რეკომენდაციის შემდგომ არცერთი ბინადრობის ნებართვა არ გაცემულა. შესაბამისად, სააგენტო უარს ამბობს ბინადრობის ნებართვაზე ყველა შემთხვევაში, როდესაც დასკვნაში წარმოდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. შედეგად, ვიღებთ მხოლოდ ფორმალურ და ზედაპირულ გადაწყვეტილებებს, საჭირო დასაბუთების გარეშე. ამგვარად, სუს-ის, როგორც უპირობოდ უპირატესი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმოჩენა მეტად სახიფათო მიდგომაა, რადგან ხელს უწყობს გადაწყვეტილებების მიღებისას თვითნებობას და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტების არსებობას თითოეულ საქმეში" – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

კომენტარები