დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

თუ ისრაელი ღაზაში კატარის თანხებს არ შეუშვებს, ჰამასი ცეცხლის განახლებით იმუქრება

The Times of Israel

ისრაელის მედიის ცნობით, თუკი ამ კვირის ბოლომდე ისრაელი კატარიდან გამოგზავნილ ფულს ღაზის სექტორში არ შეუშვებს, ჰამასი საზღვარზე სიტუაციას კვლავ დაძაბავს.

ამის შესახებ ესაუბრა ლიბანის მედიას ჰამასის ანონიმური წყარო. თუკი ისრაელის მიდგომა ღაზის სექტორში თანხებისა და პროდუქტების შეშვებასთან დაკავშირებით არ შეიცვლება, ჰამასი და მისი მოკავშირე დაჯგუფებები სარაკეტო ცეცხლს განაახლებენ. 

ამგვარი მუქარა ლიბანურ გაზეთში ივნისშიც გავრცელდა, რასაც ღაზის სექტორიდან აალებადი ბუშტებით თავდასხმების განახლება მოჰყვა. 

ისრაელის ნებართვით, ბოლო წლებში კატარიდან ღაზის სექტორში მილიონობით დოლარის თანხები ნაღდი ფულით შეჰქონდათ, რათა ჰამასის მმართველობას შესძლებოდა ენერგოსადგურის საწვავის, საჯარო მოხელეებისა და ღარიბი ოჯახებისთვის ფულის გადახდა. 

The Times of Israel-თან ჰამასისა და ისრაელის მოლაპარაკებების საკითხთან ახლოს მყოფმა პირმა თქვა, რომ ისრაელმა ეგვიპტელი შუამავლები გააფრთხილა, რომ ისრაელში კატარის შეუმოწმებელ ნაღდ ფულს ღაზის სექტორში აღარ შეუშვებს. 

ამას გარდა, ტერორისტული ორგანიზაცია მოითხოვს, რომ საზღვარი სრულად გაიხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი უფრო დიდსა და ფართო სახეს მიიღებს. 

ისრაელის ახლანდელი პრემიერმინისტრი, ნაფთალი ბენეტი აქამდე მუდამ ეწინააღმდეგებოდა ღაზის სექტორში კატარის თანხების დაშვებას, თუმცა 2019 წელს, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო, ეს პროცესი გრძელდებოდა.


10 მაისს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ხდებოდა, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.

დაპირისპირება 11 დღეს გაგრძელდა. მთლიანობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

კონფლიქტი მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. დაპირისპირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიბრუნეს. იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა დროშებით მსვლელობა, რამაც ქალაქის არაბი მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია და პოლიციასთან დაპირისპირება გაამწვავა.

ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით შეთანხმდნენ.

15 ივნისს იერუსალიმში ებრაელმა ნაციონალისტებმა დროშის მსვლელობა ჩაატარეს, რომელიც 10 მაისს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჰამასის სარაკეტო თავდასხმების გამო ვერ დასრულდა. ებრაელების იერუსალიმში მსვლელობას ღაზის სექტორიდან აალებადი აირით გაბერილი ბუშტების გამოშვება მოჰყვა, რამაც ისრაელში რამდენიმე ხანძარი გააჩინა. ამ თავდასხმებს ისრაელის ახალმა მთავრობამ იერიშით უპასუხა.

კომენტარები