შარლ მიშელის შეთანხმება

სამნიძე პარლამენტიდან გასვლაზე: არ ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯია

http://eurus.ge/

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტიდან არ უნდა გავიდეს.  

"მე რესპუბლიკური პარტიის სახელით ვლაპარაკობ და არ განვიხილავ, არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. ყველა ვერსიაზე უნდა ვისაუბროთ, რას რა მოჰყვება, მაგრამ მათ, ვინც ამას თვლის კარგ ნაბიჯად, მინდა ვკითხო - რა არის მეორე ნაბიჯი, თუ ამას ვაკეთებთ?". – ამბობს სამნიძე ფორმულასთან ინტერვიუში. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების ბრიფინგის შემდეგ გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ პარლამენტიდან გადის. ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, გადაწყვეტილებას ოპოზიციასთან ერთად მიიღებენ და არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავენ. დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის თქმით კი პარლამენტიდან გასვლისგან დროებით თავს იკავებს. 

19 აპრილს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

კომენტარები