ჟურნალისტებზე ძალადობა

მდინარაძე წულუკიანზე: არ ვგმობ მიკროფონის წართმევას, ძარცვა კი არა, პოლიტიკური აქტია

"არა, არ ვგმობ წულუკიანის იმ საქციელს, იმიტომ, რომ ეს იყო ჩემთვის პოლიტიკური აქტი". – ასე უპასუხა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვას, რომელიც კულტურის მინისტრის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას ეხებოდა. მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ "შეიძლება" სუბიექტურიც არის.

"თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო მიკროფონის, სხვისი ნივთის აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო, ხაზს  ვუსვამ, მისაკუთრების მიზნით, მაშინ ძარცვა ყოფილა და ვერ იქნება ძარცვა, იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა, თეა წულუკიანს ჰქონოდა ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, როგორც თქვენ და თქვენი ტელევიზია ატყუებთ ხალხს". – თქვა მდინარაძემ.

22 ივლისს თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა. ჟურნალისტ ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ კულტურის მინისტრს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. 

23 ივლისს მთავარმა არხმა საქართველოს პროკურატურას მიმართა. 25 ივლისს კი, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ეს მისი პოლიტიკური თამაშია.

"ქალბატონო ევა, კი არადა ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი, თუ არადა მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს 3 ოქტომბერს და მაშინ მე თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით" - მიმართა კულტურის მინისტრმა მთავარი არხის ჟურნალისტს.

კომენტარები